თურქულ ბაზარზე ქართული თაფლი არალეგალურად შედის. ,,საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი“ ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში მოწეული თაფლი თითქმის სრულად მეზობელ ქვეყანაში იყიდება, თუმცა ეს არალეგალური გზებით ხდება. ალეკო პაპავა განმარტავს, რომ თაფლი საქართველოდან თავად თურქებს გააქვთ.

,,თურქეთში არალეგალურად გადის თაფლი. ფაქტობრივად, მთელი დასავლეთ საქართველოს თაფლი წაბლის და სხვა მუქი ფერის თაფლი შარშან გავიდა თურქეთში. თუმცა არალეგალურად. თურქეთში საკმაოდ მაღალია თაფლის ფასი. წარმოიდგინეთ 1 კგ. თაფლის საბითუმო ფასი შარშან 15-17 ლარი გახდა. თვითონ თურქები ყიდულობენ და თურქებს გადააქვთ თაფლი. ხაზს ვუსვამ ეს არის არალეგალური ვაჭრობა. თურქულმა მხარემაც იცის არალეგალურად რომ შედის თაფლი საქართველოდან.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.

პროდუქციის ამ გზით გატანას ,,მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი’’ თურქული მხარის მიერ დაწესებული ხელოვნური ბარიერებით ხსნის. ალეკო პაპავა განმარტავს, რომ საქართველოს თურქეთთან თაფლით ვაჭრობაში კვოტა აქვს დაწესებული, რომელიც 200 ტ.-ზე მეტია, თუმცა ამ კვოტის ათვისება ვერ ხდება, რადგან თურქეთი ქართულ თაფლს ბაზარზე შესასვლელად ხელოვნურ ბარიერებს უწესებს. ალეკო პაპავა ამბობს, რომ საკითხის მოსაგვარებლად ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა უნდა იმუშაონ და თურქულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწიონ.

,,ჩვენ გვაქვს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, სადაც მოხსენიებულია ასევე თაფლი. გვაქვს კვოტა, რომელიც 200 ტ.-ზე მეტია. უნდა მოხდეს თურქეთში ქართული თაფლის აღიარება და ის შევიდეს თურქულ სავაჭრო ქსელში. უნდა გამოვიყენოთ ეს კვოტა. 200 ტონა არ არის ცოტა. ის ბარიერები, რასაც თურქეთი აყენებს უნდა მოიხსნას. წარმოიდგინეთ ევროკავშირში ვაგზავნით და პრობლემა არ არის. თურქეთში კი ვერ ხერხდება თაფლის შეტანა. არადა ყველაზე მკაცრი ბაზარი აქვს ევროკავშირს მოთხოვნებიდან გამომდინარე. გასაგებია თურქული მხარის პოზიცია, ცდილობენ საკუთარი ბაზარი დაიცვან. თურქული მხარე ქმნის ხელოვნურ ბარიერებს. ეს ძირითადად გამოიხატება იქაური, ადგილობრივი მეფუტკრეების ასოციაციიდან გამომდინარე. სახელმწიფომ უნდა დაძრას ეს საკითხი. ეს ეხება ძირითადად ეკონომიკის სამინისტროს. მთავარია სამინისტროებს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება, რომ ხელოვნური ბარიერები არ შეიქმნას თაფლის შეტანაზე. ამაზე სამუშაო აქვს ცალკე ეკონომიკის სამინისტროს და ცალკე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თურქულ მხარესთან“, - აცხადებს ალეკო პაპავა.