ქართული კვერცხის მწარმოებლების ინფორმაციით, საქართველოში წარმოებულ კვერცხს ბაზრის 100%-ით დაკმაყოფილება შეუძლია. როგორც „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე, კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაციის მთავარი პრობლემა თურქეთიდან იმპორტირებული კვერცხია.
„გაზრდილი იმპორტის ფონზე რეალიზაცია ძალიან ცუდია, ჩვენ იმპორტი არ გვჭირდება, თუმცა არანაირ საუბარს აზრი არ აქვს, ალბათ, რა გზაც მეხორბლეებმა გაიარეს, ჩვენც ის უნდა გავიაროთ, რომ ვიღაცამ მოგვისმინოს.
გამომდინარე იქიდან, რომ კვერცხი მალფუჭებადი პროდუქტია და იძულებული არიან სწრაფად მოიშორონ, შესაბამისად, არარეალურად დაბალ ფასად ყიდიან. თურქული საქონელი როდესაც შემოდის თითოეულ პროდუქციაზე დღგ-ს გარდა არის უკან დასაბრუნებელი თანხა, გარდა ამისა, საწყობის თანხას უხდიან და გამოდის რომ ქართველი მწარმოებლები არათანაბარ პირობებში ვართ, ჩვენ ჩვენი ჯიბიდან ვიხდით ყველა გადასახადს და თურქ მწარმოებლებს თუ საწყობი უქირავეს, ოფისი თუ უქირავეს, რა გამოდის, მათთვის სუბსიდიასავით არის და ჩვენთან შედეგი ნულია. არანაირი საბაჟო ტარიფი და ზაფხულში მაინც, იმპორტის გადასახადი შემოღებული არ არის, არანაირი საუბარი არ ჭრის. თან ეს დაბალი ფასი ისეთი თემაა, რომ ყველაფერს ყიდის „უცხოურსაც“ და არა უცხოურსაც.“ - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
ზურაბ უჩუმბეგაშვილი „ნოზაძის მეფრინველეობის“ დახურვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მამუკა ნოზაძე დიდი ხნის მანძილზე საუბრობდა პრობლემებზე მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია, მისივე თქმით, ქართული კვერცხი კონკურენციას ვერ უძლებს, რადგან თურქული კვერცხი ბაზარზე აგრესიული კონკურენციით შემოდის.
რაც შეეხება კვერცხის ფასს უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, რომ ზაფხულში ხორბლის მოსავალია, შესაბამისად ფრინველის კვებაც უფრო იაფი ჯდება და კვერცხის ყველა მწარმოებელმა ფასი მცირედით დასწია.