საფოსტო და საკურიერო ბიზნესი, მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, 2024 წელს წარმატებულად აფასებს. კომპანიებში ამბობენ, რომ 2023 წელთან შედარებით, ამანათებში ზრდა ჰქონდათ, რასაც ქვეყანაში ელექტრონული კომერციის გააქტიურებას უკავშირებენ. კომპანიებში მიუთითებენ, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი პანდემიის პერიოდიდან გახდა, რაც აისახა კიდეც ამანათების რიცხვზე.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა, თუ ადრე გზავნილებში კომპანიები აქტიურობდნენ, ახლა ფიზიკური პირები ჭარბობენ, რომლებიც ონლაინ გაყიდვების საერთაშორისო პლატფორმებიდან სხვადასხვა ნივთებს სულ უფრო ხშირად იწერენ.
„განსაკუთრებით გაზრდილია გამოწერები ჩინეთიდან, რასაც გასულ წელს, ქართულ ბაზარზე რამდენიმე ჩინური პლატფორმის შემოსვლას ვუკავშირებთ. როგორც იცით, 2024 წელს რამდენიმე პლატფორმასთან თანამშრომლობის ახალ მასშტაბზე გადავედით, ესენია: Taobao, Pinduoduo, TEMU და OZON. ამ პლატფორმებიდან ცალკე გამოსაყოფია TEMU, რომლის შემოსვლის შემდეგაც, ბაზარზე ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირება გაცილებით გამარტივდა. თუ აქამდე ჩვენი მომხმარებელი გამოწერისას ჩვენ მიერვე მინიჭებული უცხოური მისამართებით სარგებლობდა და ამ მისამართებს ამ პლატფორმებზე უთითებდა, ჩვენ ამ პლატფორმებთან პირდაპირი თანამშრომლობა დავიწყეთ და მომხმარებელი უკვე საკუთარ, ქართულ მისამართს უთითებს გამოწერისას და შემდეგ უკვე ჩვენი მეშვეობით სასურველ ადგილზე იღებს ამანათებს“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, შედეგად, საიმპორტო ქვეყნების ბალანსი შეცვლილია და თუ აქამდე ლიდერ პოზიციებზე თურქეთი და აშშ იყო, ახლა ერთპიროვნული ლიდერი ჩინეთია.
„2024 წელს საქართველოში შემოსული ამანათების რიცხვი 200%-ზე მეტად გაიზარდა, ამანათების 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა იტალიიდან, 24%-იანი ზრდა - საბერძნეთიდან. ზრდის მაჩვენებლებია სხვა სახელმწიფოებიდანაც. ერთადერთი ქვეყანა კი საიდანაც ამანათები, ფაქტობრივად, განახევრდა და 53%-ით შემცირდა - თურქეთია. ვფიქრობ, ის მომხმარებელი, რომელიც თურქეთიდან იწერდა სასურველ ნივთებს ჩინურ პლატფორმებზე გადაერთო იმიტომ, რომ უფრო მრავალფეროვანი არჩევანია და უფრო იაფია“, - განმარტა Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა.
მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკვე მიმდინარეობს საქართველოში შემოსვლის საკითხზე მოლაპარაკებები ონლაინ ვაჭრობის ახალ პლატფორმებთან, ეს ეხება როგორც ჩინურ, ისე ევროპულ პლატფორმებს.
რაც შეეხება სექტორში არსებულ გამოწვევებს, ისევ როგორც გასულ წელს, მიმდინარე 2025 წელსაც მთავარ პრობლემად ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის დეფიციტი სახელდება, რაც სექტორის შეფასებით, ამ დარგის განვითარებას აფერხებს. საუბარია ტერმინალების არასაკმარის რაოდენობაზე. დეფიციტია ადამიანური რესურსის კუთხითაც - კერძოდ, ბიზნესი მებაჟეების და კურიერების სიმცირეზე ჩივის.
„ეს გამოწვევები განსაკუთრებით 2024 წელს გამოიკვეთა, როდესაც ქართულ ბაზარზე რამდენიმე ჩინურმა პლატფორმამ დაიწყო საქმიანობა და აქედან შემოსულ მოზღვავებული რაოდენობის ამანათებს, საქართველოს საფოსტო ბიზნესი მომზადებული ვერ შეხვდა. კერძოდ, გამოწვევა იყო ტერმინალებში ამანათების გატარება და შემდეგ, ადრესატებისთვის მიწოდება. ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარების მიზნით, პირადად ჩვენ მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ საბაჟო ტერმინალს გავხსნით“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
მისივე განმარტებით, Inex Group-ის ტერმინალი არა მხოლოდ მათ ტვირთებს, არამედ სხვა კომპანიების ტვირთებსაც მოემსახურება.