მაღალმთიან კურორტებზე ტურისტების ნაკლებობაა. სასტუმროები პრობლემებზე საუბრობენ და მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. როგორც „კომერსანტთან“კაფე-სასტუმრო „მათეს ქოხის“ მეპატრონე სოფიკო აბულაძე ამბობს, კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი ივნისში იწყება, თუმცა ამინდებისა და დაზიანებული გზის გამო ტურისტების ნაკლებობაა.
„ზაფხულის სეზონი კურორტ გოდერძიზე ივლისის დასაწყისიდან იწყება, შესაბამისად ჯერ კურორტზე დამსვენებლების რიცხვი ნაკლებია. მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. თუ კი აგვისტოს დასაწყისისთვის გზის მდგომარეობა გაუმჯობესდება, გაიზრდება ტურისტების რიცხვიც. ასევე ტურისტების სიმცირეს ხელს უწყობს ამინდიც. ვფიქრობ ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, მოიმატებს დამსვენებლის რაოდენობა,“ - აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი.
მისივე თქმით, სასტუმროს ძირითადად ადგილობრივები სტუმრობენ, თუმცა დამსვენებლებს შორის ასევე არიან რუსეთის, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მოქალაქეებიც.
„კომერსანტი“ ასევე დაინტერესდა, არის თუ არა რეგიონში საკადრო პრობლემები და რომელ სექტორში უჭირთ ადგილობრივ ბიზნესებს თანამშრომლების მოძიება.
„ამ კუთხით, რა თქმა უნდა, არც ჩვენი ობიექტია გამონაკლისი. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, უმეტესად უკვე აქვს საკუთარი საოჯახო ბიზნესი, ნაწილი საზაფხულო სამუშაოების გამო ვერ ტოვებს ოჯახს და ვერ ახერხებს მუშაობას, ნაწილი ვერ ახერხებს გზის გამო სამსახურში მოსვლას. სანამ გზის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, ჩვენ ვთავაზობდით ტრანსპორტირებას და შესაბამისად ნაკლებად იყო კადრების დეფიციტი, თუმცა ამ პერიოდისთვის შეუძლებელია შევთავაზოთ იგივე მომსახურება, გზის პრობლემის გამო. რთულია ასევე სხვა ქალაქიდან და რაიონიდან კადრების მოძიება, რადგან ზაფხულის სეზონზე მომსახურების სფერო კადრების დეფიციტს განიცდის არა მარტო მთაში, ასევე ბარშიც.“ - აბულაძის თქმით, განსაკუთრებული დეფიციტი მზარეულის პოზიციაზეა.
კაფე-სასტუმრო „მათეს ქოხი“ მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს, „ქოხი“ 4 ნომერსა და მცირე კაფეს მოიცავს, ნომრის ღირებულება 50 ლარიდან იწყება.