ბიზნესმენი და "ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის" პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ბლოკთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც, რომელმაც ქართველი მეწარმეებისთვის ევროპის საექსპორტო ბაზარი გახსნა - ამის შესახებ ბეჟიტაშვილმა BMG-ის "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, DCFTA-ით საქართველო იმიტომ სარგებლობს, რომ საქართველოს არჩეული კურსი მკაფიოდ დასავლური იყო, თუმცა ამ კურსის ცვლილების შემდეგ ევროკავშირის მიერ ყველა სარგებლის გაუქმება მოსალოდნელი იქნება.

"უვიზო მიმოსვლას თუ გაგვიუქმებენ, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება როგორც ქვეყნის პრესტიჟისთვის, ასევე ეკონომიკისთვის და კონკრეტულად, ექსპორტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დიდი მოცულობები არ არის [EU-ს მიმართულებით], ამასაც აქვს თავისი საფუძველი აქვს და ეს საფუძველი, თავისთავად ცხადია, ჩვენი სახელმწიფოს მიერ დასავლური კურსიდან გადახვევაა. კანდიდატის სტატუსი იმიტომ მოგვცეს და DCFTA-ის ბენეფიტით იმიტომ ვსარგებლობთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდებოდა სწორი მიმართულებით, ქვეყნის შიგნით არ იყო ის დაძაბული პოლიტიკური ფონი, რაც ახლაა. პერსპექტივაშიც უფრო და უფრო უარესდება ვითარება და ევროპის ქვეყნებს აქვთ შესაბამისი რეაქცია ამის გამო. ევროპა მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობა არ არის, ის ასევე არის პოლიტიკური მოწყობა, დემოკრატიული სივრცე და თავისუფლების ხარისხისა და ადამიანის უფლებების გარანტორი - ამას თუ შორდება ჩვენი ქვეყანა, თავისთავად ცხადია, სხვა გზა არ დარჩენიათ ევროპულ ქვეყნებს, გარდა იმისა, რომ დაგვიწესონ შეზღუდვები.

იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, დასავლეთისკენ მიმავალ გზას და პოლიტიკურ სტრუქტურას არ გავაუმჯობესებთ, არ იქნება ჩვენი ქვეყანა თანამედროვე ცივილური სამყაროს წევრი საითაც ჩვენ მივდიოდით წლების განმავლობაში, რაც არის ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა და რისთვისაც ძალიან ბევრი ნაბიჯი იქნა გადადგმული DCFTA-ის არანაირი აზრი არ ექნება. სახელმწიფოს არ აქვს ზუსტი და ჩამოყალიბებული პოლიტიკა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებაზე იყოს ორიენტირებული", - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ბიზნესმენი ასევე აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამ პროცესის გავლენა ევროკავშირში ექსპორტზე, კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას.

"ამ ფაქტის წინაშე უკვე ვართ, რუსეთზე დამოკიდებულია როგორც იმპორტის ძალიან დიდი ნაწილი, ასევე ექსპორტის თითქმის 90%. ეს ბუნებრივიც არის, წლების განმავლობაში იყო ადაპტირებული ჩვენი ექსპორტი ამ ბაზართან, ამას ტერიტორიული სიახლოვეც განაპირობებს, თუმცა ბაზრების დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მიმზიდველი და გადახდისუნარიანი ბაზარია.

ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. ევროკავშირში მცირე რაოდენობები რომ გავიდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, რატომ არ შეიძლებოდა, გაზრდილიყო ეს მოცულობები და ამ მიმართულებაზე ემუშავა ჩვენს ქვეყანას? ვხედავთ რომ პირიქით, ეს ტენდენცია კლებისკენაა და გასატანიც ბევრი არაფერია, რასაც ევროპას შევთავაზებდით", - განაცხადა „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, 2014 წელს გააფორმა. საქსტატის თანახმად, ადგილობრივ ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილმა რეკორდულ 33.3%-იან მაჩვენებელს 2015 წელს მიაღწია, 2024 წელს კი სულ მცირე ათწლიანი ანტირეკორდი დაამყარა და 15.8%-მდე შემცირდა.

bm.ge