„თუ ადრე, საქართველოს ავტოპარკს ყოველწლიურად 80-90 ათასი მანქანა ემატებოდა, წელს ეს მონაცემი უკვე მნიშვნელოვნად გაზრდილია“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი კაპიტალის“ ვიცე-პრეზიდენტმა და კვლევითი სერვისების უფროსმა ანდრო თვალიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს ავტოპარკს უკვე 125 ათასზე მეტი ავტომობილი დაემატა.
„ამჟამად, საქართველოს ავტოპარკი დაახლოებით 1.9 მილიონ ავტომობილს ითვლის, რომლის 64% ბენზინის ძრავითაა, 12% ჰიბრიდულძრავიანია, თუმცა ძირითად საწვავად ბენზინს მოიხმარს. ავტოპარკის 23%-ს აქვს დიზელის ძრავი, ხოლო, ელექტრო ავტომობილები ავტოპარკის ჯერ მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს“, - აღნიშნა „თიბისი კაპიტალის“ ვიცე-პრეზიდენტმა და კვლევითი სერვისების უფროსმა.
მან საწვავის ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის საწვავის გაყიდვები გაზრდილია.
„ქვეყანაში საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაც შეინიშნება. კერძოდ, რეგულარის ტიპის საწვავის წილი ჯამურ იმპორტში იკლებს. ვინაიდან, იზრდება ახალი ავტომობილების იმპორტი და ავტოპარკი თანამედროვე ხდება, მოთხოვნა პრემიუმის ტიპის საწვავზე იზრდება“, - განმარტა ანდრო თვალიაშვილმა.
როგორც „თიბისი კაპიტალის“ ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ამჟამად, საქართველოს საწვავის მომწოდებელი ქვეყნების სია საკმაოდ დივერსიფიცირებული აქვს და ის ერთ ბაზარზე დამოკიდებული არ არის.
„მაგალითისთვის, 2024 წელს საქართველოსთვის ბენზინის მთავარი მომწოდებლები ბულგარეთი, რუსეთი და რუმინეთი იყვნენ. მიმდინარე წელს კი, ბენზინის იმპორტიორი ქვეყნების სიაში სხვა ევროპული სახელმწიფოები, კერძოდ - საბერძნეთი, მალტა, კვიპროსი, ბელარუსიც არიან. უნდა ითქვას, რომ ბენზინზე საექსპორტო შეზღუდვებისა და კვოტების შედეგად, საქართველოს საწვავის იმპორტში რუსეთის წილი 2022-2023 წლების შემდეგ, შედარებით შემცირდა. თუმცა, ბენზინისგან განსხვავებით, დიზელის იმპორტში როგორც გასულ წელს, ისე წელსაც რუსეთი ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი - აზერბაიჯანია“, - აღნიშნა ანდრო თვალიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ნახშირწყალბადების მოხმარება, ბენზინისა და დიზელის ჩათვლით, თითქმის სრულად იმპორტზეა დამოკიდებული და ამ იმპორტის ზრდა, წლიდან წლამდე თვალშისაცემია. თვალიაშვილს მაგალითად 2024 წლის მონაცემები მოჰყავს და ამბობს, რომ 2024 წელს ქვეყანაში იმპორტირებული იყო 918 მილიონი ლიტრი ბენზინი და 770 მილიონი ლიტრი დიზელი.