„შარშანდელთან შედარებით წელს საქართველოში 150 000  ტონაზე მეტი ხორბალი მოიწიეს“ -  ამის შესახებ,  „კომერსანტის“ დილის ეთერში პურის  მრეწველთა  კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ  დოლიძემ ისაუბრა. მისი თქმით ფერმერებს  მას შემდეგ  გაუჩნდათ ხორბლის წარმოების მოტივაცია, რაც დაინახეს რომ მსოფლიო ბაზარზე,  ნიუ იორკის და პარიზის ბირჟებზე ტონა ხორბლის ფასი 500 დოლარს ასცდა.

 

„2005-2008 წლის შეცდომები ახლა გამოვლინდა, მაშინ ფერმერებს ხორბლის შემოტანის საშუალება მიეცათ და საქართველომ ხელიდან გაუშვა დიდი შანსი,  წისქვილი  ქვეყნის სიმდიდრეა და ის  უნდა  მუშაობდეს,  ამაშია  მთელი ეკონომიკა და  ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ.

 

კი, ჩვენ დაპირისპირებული დარგები ვართ,  მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ მეწარმეს ხარისხში არჩევანის  საშუალება  უნდა ჰქონდეს,  პურის წარმოების 40% წისქვილებიდან  მიღებული ფქვილთ მუშაობს, დღეს წისქვილები მთელი სიმძლავრით ვერ მუშაობენ.

 

ქვეყანამ, რომ თავისი მოხმარების ნახევარი მაინც აწარმოოს,  პურ-პროდუქტებზე არსებული თავის ტკივილი  დასრულდება და არავისზე დამოკიდებულები აღარ ვიქნებით, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება,  ერთი ჯიშის  გამოყვანას 5-6 წელი სჭირდება და მთელი რიგი მომენტებია, რომელიც დასახვეწია“ ,  - აღნიშნა მალხაზ  დოლიძემ.