საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში 150-ზე მეტი კლინიკიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება. მან მიმდინარე მონიტორინგებზე ჟურნალისტებთან, BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"წელს დავიწყეთ 2 ახალი ბაზრის მონიტორინგი. ერთი ეხება სამედიცინო სერვისების ბაზარს, იმ ნაწილში, სადაც სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება ფასწარმოქმნის რეგულირება. საქსტატმაც აჩვენა, რომ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით 25-26%-იანი მატებას აქვს ადგილი საავადმყოფოს მომსახურებებში, მათ შორის ეს უკავშირდება ფიზიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პაციენტების, ამიტომ ჩვენ დავინტერესდით რასთან არის დაკავშირებული აღნიშნული გაძვირების პროცესი, ხომ არ არის ის რიგ არასაბაზრო ფაქტორებიდან გამომდინარე. ამ დროისათვის დაახლოებით 150-ზე მეტ კლინიკასთან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა. ვართ აქტიურ კომუნიკაციაში, როგორც ჯანდაცვის ასოციაციის წევრ კომპანიებთან და კლინიკებთან, ასევე, ყველა იმ კლინიკასთან, რომელსაც გააჩნია ამბულატორიული და სტაციონარული სერვისი და ამ ინფორმაციების მიღება დღესაც გრძელდება და პირველადი ინფორმაციის დამუშავების შედეგად გვექნება პირველადი სურათი.

მეორე ნაწილს რაც შეეხება, ეს არის ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარი, სადაც ასევე, მიღებული გვაქვს ინფორმაცია და ახლა მიმდინარეობს ამ ინფორმაციის დამუშავება. აქაც საკითხი დაკავშირებულია იმასთან, ხომ არ არის ჭარბი ფასი რიგ მედიკამენტებთან მიმართებით და ხომ არ გვყავს კომპანიები, რომლებიც იყენებენ არასათანადოდ საკუთარ ძალაუფლებას ბაზარზე.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საწვავის, FMCG ბაზრის, აგროპროდუქტების ექსპორტის მიმართულებით, ეს ეხება თხილის და მოცვის ექსპორტის მიმართულებებს, რომლებიც ყოველწლიურად განახლებადია და აფასებს ბაზარზე არსებულ ვითარებას",- ამბობს ლექვინაძე.

bm.ge