კერძო სექტორის მხრიდან საქართველოში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. წინა წელს, მაგალითად, ბუმი იყო და ჩვენმა კომპანიამ 4 მეგავატამდე სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა ჯამურად, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ენერგეტიკული კომპანია Green Energy-ს დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, კომპანია წელს 6-7 მეგავატი სიმძლავრის პროექტების მონტაჟს გეგმავს.
„საკმაოდ აქტიური წელი დავიწყეთ. მართალია, 2023 წლის პირველი კვარტალი შედარებით პასიური იყო, რაც საბანკო სექტორში არსებულ ახალ რეგულაციებს უკავშირდება, სესხების დამტკიცება გართულდა, თუმცა, ახლა მოთხოვნა ისევ გააქტიურებულია და ყველა პროექტი, რასაც ვიწყებთ, პრაქტიკულად 90 პროცენტით საბანკო სექტორის მხრიდან არის დაფინანსებული. ჯამურად, 2023 წლის განმავლობაში, წესით 7 მეგავატამდე მზის ელექტროსადგური უნდა დავამონტაჟოთ. დაახლოებით, 3 მეგავატი უკვე დამონტაჟებული გვაქვს“,- განმარტა დავით შვანგირაძემ.
მან იმ დასრულებულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც Green Energy-მ წელს განახორციელა.
„მაგალითად, თერმოინდუსტრიის საწყობს მზის ელექტროსადგური დავუმონტაჟეთ, 300 კილოვატიანი, ამასთან, ხვალ ჩავუშვებთ ექსპლუატაციაში სანზონაში კომპანია „ლიბო ჯგუფისთვის“ ასევე 300 კილოვატიან მზის სადგურს. ამავე დადგმული სიმძლავრის პროექტები გავაკეთეთ ზესტაფონში ერთ-ერთი სამაცივრე მეურნეობისთვის“, - განმარტა ენერგეტიკული კომპანია Green Energy-ს დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, კომპანია კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს, რომლის მსგავსიც ჯერ არ ჰქონიათ - ეს არის 25 მეგავატიანი მზის ელექტროსადგური გარდაბანში. ამჟამად, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, Green Energy ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და მისი დადგმული ჯამური სიმძლავრე, რომელიც ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული 10 მეგავატს აღემატება.