„თიბისი ბანკის“ სათავო ოფისის - „თბილისის ბიზნესს ცენტრის“ მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება და სავარაუდოდ 2024 წლიდან ბანკი უკვე ოპერირებას ახალი სათავო ოფისიდან დაიწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ „თიბისიში“ განუცხადეს, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან ბანკში თავს იკავებენ.

 

ბანკის სათავო ოფისის პირველი ფაზა თითქმის ორი წლის წინ დასრულდა. „თბილისის ბიზნესს ცენტრის“ გახსნა 2022 წლის ბოლოს იყო დაანონსებული, თუმცა გლობალური პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული კრიზისის გამო ვადები და პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც 72 მლნ დოლარიდან 83 მლნ დოლარამდე შეიცვალა.

 

კონტრაქტორ კომპანიებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პროფილური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე კომპანია ახორციელებს, მათ შორის: „დომუს ალუმინიუმი“ და „არქტრეიდი“ - ფასადის სამუშაოებს, „დნთ ქონსთრაქშენი“ - მექანიკის და სანტექნიკის სამუშაოებს; „ევრომონტაჟი“ - ელექტრობის სამუშაოებს; „ნიუ ქონსრაქშენს ტექნოლოჯის“ - სასმელი წყლის და წყალანირების გარე ქსელის მოწყობას; IKMA Georgia - ლიფტების მოწოდებას და მონტაჟს; „გრაალი-92“ - რკინის კონსტრუქციების მოწყობას და ა.შ.

 

სამშენებლო კომპანია „დომუსში“ „კომერსანტს“ უთხრეს, რომ მშენებლობა ახალი დადგენილი ვადების შესაბამისად მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს. CMC - Construction Management Company-ში კი, რომელიც პროექტის სრულ მენეჯმენტს ახორციელებს, „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია ერთდროულად ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით. მათი ინფორმაციით, პროექტის კონცეფცია გულისხმობს ტერიტორიის 80%-ის გამოყენებას რეკრეაციული ზონის შესაქმნელად, 20%-ს კი სამშენებლო არეალისთვის.

 

„თიბისის” ახალი სათავო ოფისის მშენებლობას 2018 წლის 17 დეკემბერს, ბანკის 26-ე იუბილეზე ჩაეყარა საფუძველი. შენობის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, პროექტის ავტორი კი საერთაშორისო კომპანია – UNStudio-ა.