„თიბისი ბანკის“ სათავო ოფისის - „თბილისის ბიზნესს ცენტრის“ მშენებლობა სავარაუდოდ 2024 წელს დასრულდება და ბანკი უკვე ოპერირებას ახალი სათავო ოფისიდან დაიწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ „თიბისიში“ განუცხადეს, თუმცა კონკრეტულ თარიღზე და დამატებით დეტალებზე ბანკში არ საუბრობენ.

ბანკის სათავო ოფისის პირველი ფაზა ორი წლის წინ დასრულდა. „თბილისის ბიზნესს ცენტრის“ გახსნა 2022 წლის ბოლოს იყო დაანონსებული, თუმცა გლობალური პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული კრიზისის გამო ვადები და პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც 72 მლნ დოლარიდან 83 მლნ დოლარამდე შეიცვალა.

კონტრაქტორ კომპანიებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პროფილური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე კომპანია ახორციელებს, მათ შორის: „დომუს ალუმინიუმი“ და „არქტრეიდი“ - ფასადის სამუშაოებს, „დნთ ქონსთრაქშენი“ - მექანიკის და სანტექნიკის სამუშაოებს; „ევრომონტაჟი“ - ელექტრობის სამუშაოებს; „ნიუ ქონსრაქშენს ტექნოლოჯის“ - სასმელი წყლის და წყალანირების გარე ქსელის მოწყობას; IKMA Georgia - ლიფტების მოწოდებას და მონტაჟს; „გრაალი-92“ - რკინის კონსტრუქციების მოწყობას და ა.შ.

CMC - Construction Management Company, რომელიც პროექტის სრულ მენეჯმენტს ახორციელებს, აცხადებენ, რომ პროექტის კონცეფცია გულისხმობს ტერიტორიის 80%-ის გამოყენებას რეკრეაციული ზონის შესაქმნელად, 20%-ს კი სამშენებლო არეალისთვის.

„თიბისის” ახალი სათავო ოფისის მშენებლობას 2018 წლის 17 დეკემბერს, ბანკის 26-ე იუბილეზე ჩაეყარა საფუძველი. შენობის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, პროექტის ავტორი კი საერთაშორისო კომპანია – UNStudio-ა.