„ტენე“ Apple-ს მიერ ლიცენზირებული USB სადენების წარმოებას იწყებს. კომპანია შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვებაზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამის ინფორმაციას „ტენე“ სოციალური ქსელში ავრცელებს.

„3-წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, MFi (Made For iPhone) სერტიფიცირება მივიღეთ, ანუ უახლოეს მომავალში ჩვენს მომხმარებლებს ეფლის მიერ ლიცენზირებულ ე.წ. „ორიგინალ" კაბელებს შევთავაზებთ“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ეკომეგობრული და პირველი ქართული კაბელი „ტენე“ კომპანია „ჯინვენტორმა“ 2019 წელს შექმნა. 2022 წელს კომპანიამ საწარმო თბილისიდან წეროვანში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში გადაიტანა, სადაც 30-მდე დევნილი დაასაქმა. საწარმოს მოსაწყობად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დაახლოებით 200 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. კომპანია დღიურად 600 USB სადენს ამზადებს. მათი ნაწილი Amazone-ის მეშვეობით აშშ-ში იყიდება.