სადისტრიბუციო კომპანიები დედაქალაქში შესაბამისი საპარკინგე არეალების გამოყოფას წლებია ითხოვენ. რამდენიმე თვის წინ დარგობრივმა ასოციაციამ შესაძლო საპარკინგე ადგილების ჩამონათვალიც მიაწოდა თბილისის მერიას, მაგრამ კერძო სექტორის მხრიდან შეთავაზებული 550 ადგილიდან, მხოლოდ 130 საპარკინგე ადგილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მათი თქმით, დანარჩენი მოთხოვნილი ადგილები ძირითადად ტროტუარზე ან გზის სავალ ნაწილზე იყო. ამის შესახებ bm.ge წერს.
სადისტრიბუციო მანქანების საპარკინგე სივრცეების პრობლემაზე საუბრობს ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც. მისი თქმით, პრობლემები აქვს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას", რომელსაც ამ ეტაპზე 60 სადისტრიბუციო მანქანა ჰყავს, თუმცა უახლოეს პერიოდში მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
ჭყონიას თქმით, თქმით, პრობლემის მოგვარების გზა შესაძლოა ე.წ ღამის დისტრიბუცია იყოს.
„როგორც ვიცი, მერიამ გამოყო ადგილები, მთავარია ეს ადგილები სხვებმა არ დაიკავონ, მანდაც კულტურაა. ცუდი არ იქნება, თუ დამუშავდება ღამის მომარაგება. არ იქნება ცუდი თუ მერია ამის ორგანიზებას გააკეთებს, რთულია, მაგრამ ნელ-ნელა ქსელები გადავლენ იმაზე, რომ საღამოს 10:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მარაგდებოდნენ.
მომარაგების რეჟიმი უნდა შეიცვალოს, როგორც ადამიანის ცხოვრების რეჟიმი იცვლება ჩვენც ამას უნდა მოვერგოთ, რომ იოლი იყოს მომარაგება”, - ამბობს bm.ge-სთან საუბარში ბიზნესმენი თემურ ჭყონია.
წყარო: bm.ge