„მაკდონალდსი" ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში, „კოკა-კოლა" კი - თითქმის 200-ში. თემურ ჭყონიას მენეჯმენტით, ორივე ბრენდის ქართული ვერსია, მისი გემოს, სისუფთავისა და მომსახურების კუთხით საუკეთესოა მსოფლიოში“, - ამის შესახებ ეროვნული ბანაკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებსა და სამთავრობო მედიისა და ექსპერტების მიერ, თემურ ჭყონიას წინააღმდეგ აგორებულ ჰომოფობიური შინაარსის კამპანიას ეხმაურება, რომელიც „მაკდონალდსის“ სასაჩუქრე წიგნს უკავშირდება.
გიორგი ქადაგიძე წერს, რომ თემურ ჭყონია უდავოდ ქართული ბიზნესისა და მეწარმეობის საამაყო მაგალითია და სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ცალკე აღნიშვნის ღირსია სასტუმრო ქობულეთში, რომელიც ასევე ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ბრენდია ამ ინდუსტრიაში.
მთლიანობაში, ეს ჯგუფი პირდაპირ ასაქმებს ათასობით ადამიანს, ხოლო მიმწოდებლებსა და მასთან დაკავშირებულ მცირე ბიზნესსაც თუ დავუმატებთ, ბევრად მეტს, ბიუჯეტში კი ასეულობით მილიონი ლარი შეაქვს.
აქვე ვიტყვი, რომ თემურ ჭყონია იმ მცირე ქართველ ბიზნესმენთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც პრეზიდენტ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, არასდროს ერიდებოდა ნებისმიერ საკითხზე საკუთარი კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას.
ერთი სიტყვით, ბატონი თემური არის უდავოდ ქართული ბიზნესისა და მეწარმეობის საამაყო მაგალითი. სულ 50 ასეთი მეწარმე გვჭირდება რომ დასაქმების პირველადი პრობლემა გადავჭრათ ამ ქვეყანაში. ჩემი სრული მხარდაჭერა მას და მის ჯგუფს,“ - წერს გიორგი ქადაგიძე.