„სკიჯის სახლი“ გურიაში, სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და ის ეკოტურისტული ობიექტია. მიმდინარე წელს მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე  „სკიჯის სახლმა“ სტუმრებისთვის 3 დამოუკიდებელი კოტეჯი დაამატა. მანამდე კომპანიამ 150 წლიან გურულ ოდაში ჩირის ახალი საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებით მოაწყო და წარმოება გაზარდა. საწარმოს ჯამური ინვესტიცია 70 000 დოლარი იყო.

„სკიჯის  სახლის“ შექმნის ისტორიაზე და მისი  განვითარების ეტაპებზე „სკიჯის სახლის“ ოჯახის წევრს მაკო ცირეკიძეს ვესაუბრეთ.

„ზაფხულში დავამატეთ სამი დამოუკიდებელი კოტეჯი, რაც გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული, თუ აქამდე 10 სტუმრის განთავსება შეგვეძლო, დღეს 20 სტუმარს თავისუფლად მივიღებთ. ჩვენი კოტეჯები ერთი მხრივ ეკომეგობრულია, ხოლო მეორე მხრივ აგრძელებს  ხილის თემატიკას. სახელებიც და ინტერიერიც შესაბამისადაა ნაფიქრი - ციტრუსი, კენკრა და კურკა. გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულის სეზონმა სრული დატვირთვით ჩაიარა, გვყავდა როგორც ქართველი სტუმრები, ისე უცხოელები - გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან და ამერიკიდან.  დაინტერესებას იწვევს როგორც ჩვენი კონცეფცია, ასევე გასტრონომიული მიმართულებაც“ - აღნიშნა მაკო ცირეკიძემ.

„სკიჯის“ ისტორია 2015 წელს იწყება, მაშინ როდესაც ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში  მამაპაპისეულ სახლში საცხოვრებლად დაბრუნებულმა დარეჯან ბერძენიშვილმა საკუთარ ეზოში მოყვანილი და მეზობლებისგან  შეძენილი ხილით ჩირის წარმოება დაიწყო და „აწარმოე საქართველოს“ მცირე  გრანტების პროგრამით ისარგებლა. ბიზნესი სულ მცირე 5000 ლარით დაიწყო.

როგორც მაკო ცირეკიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ბიზნესის დაწყების მიზანი ეკოლოგიურად  სუფთა პროდუქტის შექმნა და ადგილობრივი  წარმოების განვითარების ხელშეწყობა იყო, თავდაპირველად ეს ყველაფერი სახლის პირობებში  ხდებოდა, თუმცა წარმოება ნელ-ნელა გაიზარდა და გაფართოვდა.

„ამ წლების განმავლობაში „სკიჯის“ წარმოება გაიზარდა.  ადგილზე ყოფნით კი ჩვენი კარ-მიდამოც მეტად გალამაზდა. ამის ფონზე სტუმრების მიღებაზეც ვიფიქრეთ, რადგან ვფიქრობდით, რომ გურიას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ეს მიმართულება სიახლე იქნებოდა როგორც ტურ-ოპერატორებისთვის ისე ტურისტებისთვის, რომლებსაც კიდევ უჩნდებათ საქართველოში დაბრუნების სურვილი.

ჩვენს საოჯახო სასტუმროს სახელიც მარტივად შევურჩიეთ, რადგან ამ სახლში გაკეთდა პირველად „სკიჯი“, რომელიც ძველი ქართული სიტყვაა და ხმელ ყურძენს, იგივე მშრალ ხილს ნიშნავს,  სასტუმროსაც „სკიჯის სახლი“ დავარქვით.

გასულ წელს წარმოება გავაფართოვეთ და ამავე ტერიტორიაზე ავაშენეთ ჩირის ახალი საწარმო, რომელიც 150 წლიან გურულ ოდაში განვათავსეთ, რაც ინარჩუნებს ავთენტურობას და საინტერესოა ტურისტულადაც. შიგნით, საწარმო აღჭურვილია ევროპული, თანამედროვე მანქანა - დანადგარებით,  წელს კი საწარმოო პროცესში HACCP-ის (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა) სტანდარტი დავნერგეთ.

აღნიშნულ საქმიანობაში USAID-ის, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა დაგვეხმარა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტები გურიაში მოყვანილი ხილითაა დამზადებული. ესენია ციტრუსები, ხურმა, ვაშლი, მსხალი, ფეიხოა, მოცვი, და სხვა.  მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადგილობრივი ხილი ავითვისოთ და ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობისგან შევისყიდოთ. მანდარინის  ჩირის  წარმოება პირველად ჩვენ დავიწყეთ და გვიხარია, რომ მიმდევრებიც გამოგვიჩნდა. ვცდილობთ, რომ გვქონდეს უდანაკარგო  წარმოება,  შესაბამისად გარდა  ჩირებისა, ვაკეთებთ მურაბებს, ხილის ჩაის, ჯემებს, ნარჩენებისგან იხდება არაყი და ა.შ... ერთი სიტყვით,  ძალიან მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს.

რაც მთავარია, ჩვენი უნიკალური და ეკოლოგიური პროდუქტი არის ჩირის კანფეტები - შეფუთული სიმინდის ფუჩეჩში, რომელიც მზადდება მცირე რაოდენობით და განსაკუთრებულია მისი გემოთი და შეფუთვით.

„სკიჯი“ ამჟამად პროდუქციას ყიდის ადგილზე -  „სკიჯის სახლში“ და ონლაინ.  შეკვეთის მიწოდება ხდება კურიერის საშუალებით პირდაპირ საწარმოდან.  თუმცა, სამომავლოდ, თბილისში კონკრეტულ კომპანიებთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს, რადგან პროდუქტი საკმაოდ მოთხოვნადია.

„ამჯერად არ ვთანამშრომლობთ არც ერთ მაღაზიასთან თბილისში.  გვინდოდა დაგვენახა წლის ჭრილში, ახალი საწარმოს პირობებში რა წარმადობა გვექნებოდა და შესაბამისად დაგვეგეგმა სავაჭრო ობიექტებთან პარტნიორობა. ჩვენს პროდუქციის ვხედავთ ისეთი ტიპის სივრცეებში, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ჯანსაღი, ეკოლოგიური და ნატურალური პროდუქტის გაყიდვაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ  ჩვენი პროდუქცია მ

ზადდება შარქისა და ყოველგვარი მინარევების გარეშე და ორიენტირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესზე. სწორედ  ამ მიმართულებით ვიქნებით თბილისში რომელიმე ობიექტზე წარმოდგენილები. ამჟამად  შეკვეთა  ხდება ონლაინ და  ვაგზავნით საკურიერო სერვისით.

რაც შეეხება  დაინტერესებას, ძალიან მზარდია. ძირითადი მიმართულება კორპორატიული ხაზია, რისთვისაც მთელი წელი ვემზადებით. ვდებთ სულს, გულს და დიდ შრომას, რომ თითოეული შეკვეთა განსაკუთრებული და გამორჩეული იყოს. დღესასწაულებზე ვამზადებთ პროდუქტს თავისი  შეფუთვებით და დიზაინით, თუმცა  საცალო გაყიდვებიც ძალიან მოთხოვნადია, როგორც ადგილზე  ყიდვით, ისე ონლან შეკვეთებით.  საახალწლო კორპორაციულ შეკვეთებზე მუშაობა უკვე  დავიწყეთ და რამდენიმე  ზარიც  განხორციელდა.“ - აღნიშნა მაკო ცირეკიძემ.

„სკიჯის სახლი“ საოჯახო ბიზნესია, თუმცა ადგილობრივების დასაქმებაზეც არის ორიენტირებული და როგორც მაკო ცირეკიძე განმარტავს დღეისათვის 10-მდე ადამიანს ასაქმებს .

„გარდა იმისა, რომ ოჯახის  წევრები  ვართ ჩართული, ვასაქმებთ  ადგილობრივებსაც. ამ ეტაპზე დასაქმებული გვყავს 10-მდე  ადამიანი. როგორც სასტუმროს, ასევე  წარმოების მიმართულებით.  ჩვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმიანობიდან მიღებული სიკეთე მოხმარდეს რეგიონს და ადგილობრივ მოსახლეობას“ - აღნიშნა მაკო ცირეკიძემ.

ტრადიციული გურული კარ-მიდამო, ტერასებზე გაშენებული ხეხილის ბაღები, ჩირის საწარმო ძველ გურულ ოდაში, ხილის თემატიკაზე აგებული კომფორტული კოტეჯები, ძველი გურული ქუხნა, ბოსტანი, ყვავილნარი, გურული გასტრონომია -ტრადიციული გურულ რეცეპტები, ჩირებით გათანამედროვებული და ეკომეგობრული გარემო, გიყვებათ ხილის გარშემო განვითარებულ ამბავს გურიაში.