ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიცირების შედეგად რუსეთის ნავთობის გადაზიდვების ინდუსტრიამ დასავლეთის სანქციებთან ადაპტირება შეძლო – პრაქტიკულად სანქციებით ზემოქმედების ბერკეტი რუსეთის ნავთობის წარმოებასა და ექსპორტის მოცულობებზე მილევად რეჟიმშია დასული, რაც ნავთობის მოპოვების და მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების სტატისტიკური მაჩვენებლებით დასტურდება.
რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველი კვლავ ჩინეთია, სანქციების საპირწონეთ იზრდება რუსეთის ნავთობის ჩინეთში ექსპორტი.
ექსპორტის ზრდის პერსპექტივები არსებობს ინდოეთში, თურქეთში და აფრიკის რიგ ქვეყნებში. სანქციების პერიოდში რუსეთმა შეძლო ნავთობის ბაზარზე ადაპტირება და ევროპაში დაკარგული ექსპორტის 80 % ის მოცულობის სხვადასხვა ბაზრებზე ჩანაცვლება.
დღესდღეობით რუსული ნავთობის ექსპორტი როგორც მილსადენებით, ასევე საზღვაო ტრანსპორტით ხორციელდება, პერსპექტივაში პრიორიტეტი საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვებს მიენიჭება, რისთვისაც რუსეთი – ნავსადგურების ინფრასტრუქტურის და ფლოტის გრძელვადიან სტრატეგიას ავითარებს.
2024 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება წინა წელთან შედარებით 2.8 % ით შემცირდა და 516 მლნ ტონა შეადგინა.
რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 2024 წელს 2.4 % ით გაიზარდა და 240 მლნ ტონას მიაღწია (იხ დიაგრამა).
2022 წლიდან – სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთის ნავთობის მოპოვების და ექსპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რის საფუძველზეც შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, რომ რუსეთმა შეძლო სასანქციო პირობებთან ადაპტირება.
რუსეთის მთავრობის განცხადებით, ნავთობის მოპოვების და ექსპორტის დონის სტაბილურად შენარჩუნებაზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის მიერ 2020 წლიდან OPEC+
თან აღებულმა ვალდებულებებმა იქონია.
OPEC+ თან მიღწეული შეთანხმებით, რუსეთისთვის ნავთობის სადღეღამისო მოპოვების კვოტა 2026 წლამდე, 10 მილიონი ბარელითაა განსაზღვრული.
2024 წელს რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველი ჩინეთი იყო, სადაც რეკორდული მოცულობა – 108.5 მილიონი ტონა, ანუ რუსეთის ექსპორტის 45 % გაიგზავნა. ჩინეთისთვის რუსეთი ნავთობის წამყვანი იმპორტიორია, რითაც საუდის არაბეთსაც კი გადაასწრო.
დასავლეთის სანქციებისა და რუსეთის ნავთობის აღმოსავლეთისკენ გადამისამართების ფონზე, ინდოეთი რიგით მეორე რუსული ნავთობის შემსყიდველი სახელმწიფოა.
ღია წყაროებში რუსული ნავთობის ინდოეთისთვის 2024 წლის მიწოდების შესახებ მონაცემები არ იძებნება, თუმცა 2023 წელს ექსპორტმა 92 მლნ ტონა შეადგინა, რაც ევროპაში დაკარგული ექსპორტის მოცულობის 80 % ის კომპენსაციის ტოლფასია.
2024 წელს ნავთობის მსოფლიოს ბაზრებზე ყოველთვიურმა მიწოდების მოცულობამ
7 – 9 მლნ ტონას მიაღწია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთიდან ინდოეთში ნავთობის მიწოდება შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, თუმცა რუსეთისთვის მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ ჩინეთი დარჩება, სადაც შორეული აღმოსავლეთის ნავთობი – ВСТО ს მილსადენის სისტემით მიეწოდება.
მილსადენის სისტემას სკოვოროდინოდან ჩინეთის მიმართულებით გააჩნია განშტოება, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 30 მლნ ტონას შეადგენს.
რუსეთის მილსადენის სისტემა ბოლოვდება კოზმინოში საიდანაც მსოფლიო ბაზრებს ტანკერებით მიეწოდება ნავთობი.
ჩინეთისა და ინდოეთის გარდა რუსული ნავთობის კიდევ ერთი მსხვილი შემსყიდველია თურქეთი, 2024 წელს თურქეთმა 16 მლნ ტონა ნავთობი შეისყიდა, რაც 35 % ით აღემატება 2023 წლის ნავთობის შესყიდვების მაჩვენებელს.
თურქეთის მიმართულებით საზღვაო გადაზიდვები რუსეთის ბალტიის პრიმორსკის და უსტ-ლუგას ნავსადგურებიდან განხორციელდა.
2024 წელს რუსეთის ნავთობის ექსპორტის 87 % ს ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი შეადგენდა (იხ დიაგრამა).
რუსული ნავთობის მცირე მოცულობები ეგვიპტეში, მიანმარში, ზიმბაბვეში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში იყო ექსპორტირებული.
2024 წელს რუსეთის ნავთობის ექსპორტის 80 % საზღვაო ტრანსპორტით ხორციელდებოდა, 20 % მილსადენებით მიეწოდებოდა.
მიუხედავად რუსეთის მიერ ნავთობის მარშრუტების დივერსიფიცირებისა, ევროპაში ნავთობის მიწოდებისათვის რუსეთს გააჩნია მოქმედი ნავთობსადენი დრუჟბა.
ჩრდილოეთის განშტოება რომელიც პოლონეთისა და გერმანიისთვის არის განკუთვნილი, ევროკავშირის სანქციების გამო შეჩერებულია, თუმცა ამჟამად ყაზახეთიდან ნავთობი ევროპაში ნავთობსადენის ამ მონაკვეთის გამოყენებით მიედინება.
რუსული ნავთობის მიწოდება სამხრეთის განშტოებით გრძელდება, რომელიც უკრაინის გავლით უნგრეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს ამარაგებს. ჩრდილოეთის განშოებისგან განსხავებით, სამხრეთის განშტოებაზე ევროკავშირის სანქციების რეჟიმი ნავთობის მიწოდებაზე, ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნებისათვის დროებით არ მოქმედებს. პრაქტიკულად რუსეთის ნავთობი დაუბრკოლებლივ მიეწოდება უნგრეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს გააჩნია არსებული ნავთობსადენების გაფართოებისა და ახლის მშენებლობის პროექტები, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მათი განხორციელება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდო იქნება და რუსეთი აქცენტს ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე საზღვაო მარშრუტებით მიწოდებაზე გააკეთებს. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი ფლოტის სანქციებთან იქნება დაკავშირებული.
დასკვნის სახით – სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სანქციებით ზემოქმედების ბერკეტი რუსეთის ნავთობის წარმოებასა და ექსპორტის მოცულობებზე მილევად რეჟიმშია დასული.