საქართველოში ევროპელი ტურისტების სეგმენტი აზიურმა ბაზარმა ჩაანაცვლა - ტურიზმის ინდუსტრიას ახალ რეალობაში უწევს მუშაობა, რომლისთვისაც ბოლომდე ბაზარი მზად არ არის. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აზიელი ტურისტები ევროპელებისგან განსხვავებით მოგზაურობას მცირე დროში გეგმავენ და სპეციფიკური მოთხოვნები აქვთ, რომლის დასაკმაყოფილებლადაც ქართულ ტურისტულ სექტორს სახეცვლა მოუწია.
ყაზბეგში მდებარე სასტუმრო Step Inn Kazbegi-ის დამფუძნებელი, ანი ალიბეგაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო წლებია ქართული ტურიზმი ძირითადად ინდოელ და არაბ დამსვენებლებზეა მორგებული.
„ივლისი-აგვისტო ყაზბეგისთვის ყოველთვის ძალიან დატვირთულია. წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყო. შარშან უფრო მეტად არაბული ქვეყნების დამსვენებლები გვყავდა, წელს ისინი ინდოელმა დამსვენებლებმა ჩაანაცვლა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ნაკადები ყოველწლიურად მცირდება, თუმცა ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან ტურისტების რაოდენობა გაზრდილია.
ჩინურ და ინდურ ჯგუფებს ჩვენი საკვების მიუღებლობა აქვთ, ცდილობენ, რომ თავიანთ კულტურაზე მორგებული მომსახურებით ისარგებლონ. ყაზბეგის გზაზე უკვე ბევრგან შევხვდებით „ჰალალ“ რესტორნებს. რაც შეეხება ალკოჰოლს, ისინი მძიმე ალკოჰოლს არ სვამენ. ეს ჩვენი სექტორისთვის, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მნიშვნელოვანი დანაკარგია; ფაქტობრივად, ჩვენთვის დამახასიათებელ სტუმარმასპინძლობაზე უარის თქმა გვიწევს. უკვე არაერთ დიდ რესტორანს ნახავთ, სადაც ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად მენიუში ინდური, ჩინური და ჰალალ სამზარეულოს დაგემოვნებაცაა შესაძლებელი“,- აღნიშნა ალიბეგაშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის სექტორის ფოკუსის ცვლილება განსაკუთრებით მტკივნეულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წლებია ქართული სერვისის დახვეწაზე და ევროპელ ვიზიტორზე მორგებაზე მუშაობდნენ.
„როდესაც ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა და ფოკუსი ყოველთვის იცვლება. ჩვენი სექტორი ევროპელ ტურისტებზე აღარ მუშაობს, ინტერესი მხოლოდ იმათ აქვთ, ვინც საქართველოში უკვე იყო და კმაყოფილი წავიდა. ევროპულ ქვეყნებს ინფორმაცია აქვთ ატვირთული თავიანთ პორტალზე, სადაც საქართველოში დასვენების შემთხვევაში სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ევროპელ სტუმარს, რომელსაც შეზღუდული რაოდენობის დასვენების დღეები აქვს, რა თქმა უნდა ურჩევნია, უსაფრთხოდ იყოს, ვიდრე არასათანადოდ დაისვენოს. აბსოლუტურად სხვა ქვეყანა ვხვდებით, რაც ძალიან რთულია ბიზნესისთვის, რადგან წლების განმავლობაში ვცდილობდით, რომ ქართულ ტრადიციებზე მორგებული სერვისი გვქონოდა; ტურისტებს ვაცნობდით საქართველოს ტრადიციებს და კულტურას, ახლა კი გვყავს სტუმრები, რომლებსაც არც ღირსშესანიშნაობები აინტერესებთ, არც ტრადიციები, არც ექსკურსიები და არც ეკლესიები”, - აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა.