საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ტურისტული კომპანიები ახალი გამოწვევების წინაშე დადგებიან. ავიაქსელი • Avianet-ს მარკეტინგის დირექტორი დეა აფციაური ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ახალი დაბრკოლების შექმნის შემთხვევაში შესაძლოა კომპანიების ნაწილმა მუშაობა ვერ გააგრძელოს და ოპერირება შეწყვიტოს.
,,წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის. კოვიდის პერიოდში (გასაგებია, რომ იქ სხვა გამოწვევები და პრობლემები იყო) ძალიან ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ შეწყვიტა ოპერირება. ხელახალი ასეთი გამოწვევის შემთხვევაში მგონია, რომ იქნება გარკვეული რაოდენობა ტურისტული კომპანიების, რომლებიც ვერ შეძლებენ ოპერირებას ბაზარზე.’’- აცხადებს დეა აფციაური.
ტურისტული კომპანიის მარკეტინგის დირექტორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირთა სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში მოგზაურობის მსურველებისთვის ხარჯი გაიზრდება და ის შესაძლოა გაორმაგდეს. მოიმატებს მოგზაურობის დასაგეგმად საჭირო დროც, რაც ვიზის აღებისთვის საჭირო პროცედურების გავლას უკავშირდება. საკითხზე საუბრისას დეა აფციაური აღნიშნავს, რომ საქართველოდან მოგზაურები ხშირად მოკლე ხნიან ტურებს გეგმავს და სასურველ ქვეყანას 3-5 დღით სტუმრობენ. ამ სირთულეების გამო კი მათ შესაძლოა ვიზიტისგან თავი შეიკავონ.
,,როდესაც იცი, რომ 5-დღიანი დასვენებისთვის გჭირდება გარკვეული პროცედურების გავლა და ეს არ არის მარტივი პროცედურები, საკმაოდ რთულ სისტემასთან გვაქვს საქმე. ვიზის აღებას ვგულისხმობ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრად დაიკლებს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამოგზაუროდ ინტენსიურად დადიოდა და წელიწადში შეიძლება 10-ჯერ და 20-ჯერ სტუმრობდა სხვადასხვა ქვეყანას 3, 4 თუ 5 დღით. ძალიან ლოგიკური და სამწუხაროა, რომ ძალიან დიდი გავლენას მოახდენს ტურისტულ სფეროზე და კომპანიებზე.“- აცხადებს დეა აფციაური.
უვიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში მოგზაურები სხვა სახის პრობლემებმაც წააწყდებიან. შესაძლოა ვიზა ყველა მსურველზე არ გაიცეს. დეა აფციაური ამბობს, რომ რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს მიმართვიანობა ტურისტული კომპანიების მიმართ. მიზეზი ვიზის ასაღებად საჭირო პროცედურებში დახმარების საჭიროება იქნება.
,,ერთის მხრივ დაიკლებს მომხმარებლის რაოდენობა და მომართვიანობა. მეორეს მხრივ შეიძლება მოიმატოს. ვგულისხმობ იმ მგზავრების მომართვიანობას, რომლებიც აქამდე თვითონ აკეთებდნენ ტურების დაჯავშნას, თავად ყიდულობდა ბილეთებს და ჯავშნიდა სასტუმროს. შეიძლება იმატოს ასეთი მგზავრის მომართვიანობამ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩვენ დავეხმაროთ ვიზის აღებაში. მეორეა რამდენად ყველა მიიღებს ვიზას. მესამეა რამდენად უღირს მგზავრს, რომ 4-5-დღიანი მოგზაურობისთვის იწვალოს დიდი ხნით ვიზის აღებაზე. ჩვენთან, საქართველოში ძალიან კარგად მუშაობს ბიუჯეტური ტურები. მგზავრმა ავიაბილეთი შეიძლება შეიძინოს 50 ლარად, 100 ლარად. სასტუმროც შეიძლება სიმბოლურ ფასად დაჯავშნოს. შენ, როცა კიდევ დამატებით ვიზა გაქვს ასაღები შეიძლება ხარჯი გაორმაგდეს ვიზის გამო. შეიძლება ეს იყოს მიზეზი, რის გამოც ადამიანმა თავი შეიკავოს მოგზაურობისგან.’’- აცხადებს დეა აფციაური.
ავიაქსელი • Avianet-ს მარკეტინგის დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სტრატეგიაში ცვლილება არ განუხორციელებიათ და შესაძლო რეალობის დადგომის შემთხვევაში გეგმა ჯერ არ აქვთ.
,,თავს ზევით ძალა არ არის - ეს უფრო ასეთი სიტუაციაა. მივყვებით დინებას და როგორც იქნება სისტემა, იმის შესაბამისად მოვერგებით ჩვენც. გარკვეული სტრატეგია ამ მომენტში არ გვაქვს შემუშავებული“, - აცხადებს დეა აფციაური.