კონკურენციის სააგენტო საწვავზე მაისში ფასების შემცირებას პროგნოზირებს. სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ფასის შემცირების მოლოდინს იმ არგუმენტით ამყარებენ, რომ ნედლი ნავთობის ფასი, 2025 წლის აპრილის თვეში, დამატებით 8-10%-ით შემცირდა და შემცირების ტრენდს ინარჩუნებს. ,,ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის / პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში (მაისში) უნდა შემცირდეს.’’- აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.
ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვრის თვეში - ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ- მარტის თვეში - ფასების კლება. იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ, კომპანიების დონეზე, საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული / შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში - 3-10 თეთრით გაიზარდა.
იანვრის თვეში, თვითღირებულების ზრდის ფაქტორი, ყველა კომპანიის შემთხვევაში, რელევანტური არ არის. შესაბამისად, ფასის ზრდა ყველა კომპანიის მიერ, მეტწილად, განპირობებული იყო ფასების პარალელიზმით, რაც განსახილველ ბაზარს ისტორიულად ახასიათებს.
ფასის შემცირება თებერვალ-მარტის თვეში განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით. ამ მიმართულებითაც არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კომპანიების კონკრეტული მარკის საწვავზე თვითღირებულება არ შემცირებულა, თუმცა ყველა კომპანიის მიერ ფასი შემცირდა, პრაქტიკულად, ერთ პერიოდში. კერძოდ, 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდში ბენზინზე ფასი მსხვილი კომპანიების სეგენტში 7-10 თეთრით, დიზელზე 8-10 თეთრით, მცირე კომპანიების სეგმენტში ბენზინზე 15-20 თეთრით, დიზელზე 30-40 თეთრით არის შემცირებული.
მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ფასთა შორის სხვაობა შეადგენს - ბენზინ რეგულარზე 24-44 თეთრს, ბენზინ პრემიუმზე 19-33 თეთრს, დიზელზე კი 29-46 თეთრს.