„უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენ მომხმარებელს - ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც Aqualia-ს სამომავლო გეგმა და თითოეული ნაბიჯი ემსახურება! ჩვენ ამჟამად 18 სხვადასხვა ქვეყანაში ვოპერირებთ და 43 მილიონზე მეტ ადამიანს ვემსახურებით, მათ შორის უკვე საქართველოშიც.

ჩვენ ვგეგმავთ  განვავითაროთ წყალმომარაგება თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, ამისთვის სისტემის უპრეცენდენტო, სიღრმისეული კვლევა ჩავატარეთ, რომელზე დაყრდნობითაც ვამზადებთ გრძელვადიან სამოქმედო გეგმას“- ამის შესახებ GGU ჯგუფის და gwp-ს  გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტომამ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია გრძელვადიან სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარმოადგენს.

მან ასევე აღნიშნა, რომ Aqualia-ს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვს. კომპანია  უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, კადრების გადამზადებასა და  ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას გეგმავს.

როგორც კომპანიის განვითარების დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ შეხვედრაზე განაცხადა, Aqualia-მ საქართველოში gwp-ს შესაძენად 180 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი ინვესტორის მიერ სისტემის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის ეტაპი დასრულებულია და უახლოეს მომავალში კომპანიის სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

„მოგეხსენებათ, სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგება ყველასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმართავთ სისტემას, რომლის ნებისმიერი პრობლემა მყისიერად აისახება ჩვენს მომხმარებლებზე.  სწორედ ამიტომ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგობრივი ინვესტორის როლი თბილისის წყალმომარაგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია” - ზურაბ ალფაიძე, gwp-ის განვითარების დირექტორი.