სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების მოწესრიგების მიზნით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, - ამის შესახებ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ცვლილების ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულ თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც 2 ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, 1 ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე - უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, მოაწესრიგოს სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, იმ მიზნით რომ, ხელი შეეწყოს სანებართვო პირობების დაზუსტებას. კერძოდ, ეფექტური მონიტორინგის, გამჭვირვალობისა და აღრიცხვიანობის (კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის გენერირების გამარტივება) მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე და გოჩა ენუქიძე.

კანონპროექტს სრულად გთავაზობთ:

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ “ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №15, 19.04.2005, მუხ . 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე -11 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.“;

მე-12 მუხლის 12 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);

მე-19 მუხლის 13 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);

მე-20 მუხლის 11 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი