მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა და ტრაფიკი სწრაფი ტემპით იზრდება- ამის შესახებ საუბარია კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, აღნიშნული განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. კერძოდ: მოსახლეობის უნარ-ჩვევები თანამედროვე ტექნოლოგიების მოხმარებაში გაუმჯობესებულია და უკვე თითქმის ყველა თაობა აქტიურად იყენებს მობილურ ინტერნეტს; გაზრდილია მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის წვდომაზე და ამასთან, სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ/ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას; ტრადიციული ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურება ჩაანაცვლა სხვადასხვა მობილური აპლიკაციით განხორციელებულმა აუდიოვიდეო ზარებმა. აღნიშნული პროცესები, 2019 წლიდან კოვიდ პანდემიის გავლენით, კიდევ უფრო დაჩქარდა.
„მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. 2018 წლიდან 2022 წლამდე მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 8,6% შეადგინა.
2022 წლის ბოლოსთვის, მობილური ინტერნეტ მომსახურებით 4,1 მლნ აბონენტი სარგებლობდა, რაც აბონენტების მთლიანი რაოდენობის 70%-ს შეადგენდა.“- ნათქვამია ანგარიშში.
მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა სიმკვრივის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით, კიდევ უფრო მაღალია და 2022 წლის ბოლოსთვის 119% შეადგინა. 2022 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი - 1,48 მლნ მობილური ინტერნეტ მომხმარებელი „სილქნეტს“ ჰყავდა, მას მოსდევს „მაგთიკომი“ 1.45 მლნ მომხმარებლით და „ბილაინი“ – 1.17 მლნ.
კომპანიების ჭრილში, აბონენტთა საერთო რაოდენობაში მობილური ინტერნეტ მომხმარებლების წილის მაჩვენებლები განსხვავებულია. პირველ ადგილზე არის „ბილაინი“ - მობილურ ინტერნეტს კომპანიის აბონენტების 81% მოიხმარს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი მობილურ ინტერნეტზე შეთავაზებული ტარიფებითა და სამიზნე აუდიტორიითაა განპირობებული.
2022 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკი კვლავ გაიზარდა. მობილური მომსახურების აბონენტებმა 431 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს. ეს მოცემულობა განპირობებულია მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობისა და ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით, ასევე 4G ქსელის დაფარვის გაფართოებითა და ინტერნეტ კავშირზე გაზრდილი მოთხოვნით.
2018 წლიდან 2022 წლის ბოლომდე მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის საშუალო წლიური ზრდა 62%-ს შეადგენს. ამასთან, 2020 წლის შემდეგ მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ზრდის ტემპი იკლებს, თუმცა ნომინალური მაჩვენებლით წლიურად თითქმის იგივენაირად - დაახლოებით 100 – 120 პეტაბაიტით იზრდება.
მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ნახევარზე მეტს „მაგთიკომის“ აბონენტები მოიხმარენ.