რამდენიმე კვირაა, საქართველოს ქსელურ მარკეტებში კვერცხის მარაგს შეფერხებებით ავსებენ. ქსელური მარკეტების კონსულტანტებთან ლაპარაკის შემდეგ გავარკვიეთ, რომ მაღაზიებში კვერცხი შემოდის, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით და მაშინვე იყიდება. 

,,ეს თვეა, კვერცხი სულ ამ რაოდენობით შემოდის, ანუ შემოდის, მაგრამ ადრე თუ 10-12 ყუთი მოჰქონდა დისტრიბუციას, ახლა 1-2 ყუთს მოიტანენ დილით და სულ ესაა; რამდენჯერ არც მოუტანიათ. ალბათ, გაძვირდება კვერცხი",- ამბობს ერთ-ერთი ქსელური მარკეტის მოლარე „კომერსანტთან“ ინტერვიუში. 

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ქათმებში ფრინველის გრიპი,  H9N2 არის გავრცელებული, რომელიც მსხვილი ფერმების ნაწილს უკვე მოედო. 

დადასტურებულია, რომ H9N2 ქათმებში კვერცხისდებას დაახლოებით 40%-მდე ამცირებს, აფუჭებს კვერცხის ხარისხსაც. 

ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე კვერცხის დეფიციტი იმპორტის შემცირებამ გამოიწვია, თუმცა ეს მოსაზრება საეჭვოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში კვერცხის ბაზარი თითქმის მთლიანად – 96% – ადგილობრივად წარმოებულ კვერცხს უკავია, ქართველი ფერმერები წელიწადში დაახლოებით 670 მილიონ კვერცხს აწარმოებენ.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, ლაშა რიჟამაძის ინფორმაციით, კვერცხის დეფიციტი იანვრამდე გაგრძელდება. 

,,ბაზარზე კვერცხის იმპორტის პრობლემა შეიქმნა, რაც ძირითადად სააღდგომოდ და საახალწლოდ ხდება, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. საქართველოში კვერცხის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი თურქეთია, საიდანაც კვერცხის უდიდესი ნაწილი ახლა ამერიკაში გადის. გარდა ამისა, კვერცხის დეფიციტი მომხმარებელთა პანიკურმა ქცევამაც გამოიწვია; რის გამოც კვერცხი გასაყიდ დახლებზე, ფაქტობრივად აღარ დევს.

კვერცხის დეფიციტის აღმოფრას იანვრიდან ველოდებით. საახალწლოდ მოსახლეობა კვერცხის ყიდვას შეძლებს, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც იარსებებს",- აღნიშნა რიჟამაძემ "კომერსანტთან" ინტერვიუში.