მთავრობის 18 ნოემბრის დადგენილებით, სოფლის განვითარებისა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლება მიეცათ რამდენიმე თვით დასაქმებულთა რაოდენობა 175-ით გაზარდოს. ცვლილებების მიზანი „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის" ამოქმედებაა. მთავრობა გადაწყვეტილებას „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ აუცილებლობით ხსნის.

აზიურ ფაროსანასთან ერთად დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიასა და სამეგრელოში ფერმერები ახალ ავადმყოფობაზე ჩივიან, რომელიც არა მხოლოდ ნაყოფს აფუჭებს, არამედ ხეს სრულად ახმობს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად ხშირია ადგილობრივი ხელისუფლების ან შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე სააგენტოების მხრიდან ფერმერთა პრობლემებით დაინტერესება.

დავით ავალიანი, ფერმერი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 29 ჰექტარზე გაშენებულ ბაღს ფლობს გვეუბნება, რომ საქართველოში არათუ ფინანსური დახმარება, არამედ კვალიფიციური აგრონომის მოძიებაც კი უჭირთ.

,,არანაირი დაფინანსება და ხელშეწყობა არ გვაქვს. 29 ჰექტარი ფართობს ვფლობ, 29 თეთრი არ გაიმეტა არავინ. ბანკს მიადგები დასაფინანსებლად და მიწა ჩადეო, ერთი სული აქვთ, საკუთრება წაგართვან.

ჩვენ, როგორც დილეტანტებმა ისე დავიწყეთ ბიზნესი. ჩვენს ფერმაში ნამყოფია 150-მდე ე.წ აგრონომი, გვარებით მაქვს ჩამოწერილი, კვალიფიციური აგრონომი ვერავინ ვნახეთ, წარმოდგენა არ აქვთ არც მიწაზე, არც სოფელზე, არც ხეებზე. ბოლოს 1700 კილომეტრიდან, დასავლეთ თურქეთიდან ჩამოვიყვანეთ აგრონომები. ტრაქტორის საყიდლად წავიყვანე სამეგრელოში, დაინტერესდნენ მეგრული თხილით და შემრცხვა, რადგან კლასიკურად, სტანდარტების დაცვით მოვლილი თხილის ბაღი არსად არ იყო.

„თხილი“ მეგრული სიტყვაა და ფუძისეულად ოთხს ნიშნავს, ანუ ბუჩქზე ოთხი ძირი უნდა მოდიოდეს- ასეთი საქართველოში არ არსებობს. გურიაში თხილი საერთოდ სხვა მცენარეებთან ერთადაა დარგული“,- აღნიშნა ფერმერმა.

ავალიანი ასევე ამბობს, რომ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, რომელიც მასშტაბური და მწვავე პრობლემაა, ფერმერებს არავინ ეხმარება- თითოეული ჰექტარის დამუშავება საკუთარი ხარჯით უწევთ.

,,ჩვენ თხილს „ბაიერის“ პრეპარატებით ვწამლავთ, ერთადერთი სანდო წამალი ესაა ბაზარზე. 1 ჰექტარი დაახლოებით 2000 ლარი მიჯდება. რაც შეეხება სხვა ხარჯებს, სეზონის მიხედვით დასაქმებულების რაოდენობა იცვლება, ხან 20 კაცი მყავს, ხან- 30, მათ, რა თქმა უნდა, შესაბამისი თანხა უნდა მისცე.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი მთავრობა სიახლოვეს არ გაგვკარებია, ჩვენთვის ეს ხალხი არ არსებობს. თუ ვინმე გამოჩნდა, მოთხოვნები აქვთ- მიწა ჩადე ბანკში და ფულს მოგცემთო“,- თქვა დავით ავალიანმა.