საქართველოში ფინანსური ინოვაციების ხუთწლიანი პროგრამა იწყება. პროგრამას, რომელიც ქვეყანაში ფინანსური პროდუქტების განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე იქნება ორიენტირებული, USAID განახორციელებს.პროგრამის ბიუჯეტი 18.9 მილიონ დოლარამდეა. პროგრამის საშუალებით, USAID ხელს უწყობს ქვეყნის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას. ასევე, უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერებას.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა პრიორიტეტული მიმართულებაა. მათივე განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში საკანონმდებლო ბაზის მომზადების კუთხით სამუშაოები მიმდინარეობდა.
„ამ ეტაპზე უკვე საჯარო სექტორი გადადის იმ ფაზაში, რა დროსაც ბაზარზე კონკრეტული ინსტრუმენტები გაჩნდება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩნდეთ წვდომა ალტერნატიულ დაფინანსებაზე.
სხვადასხვა მიმართულებით გვექნება სიახლეები.ეს ეხება როგორც კერძო კაპიტალის ფონდის შექმნას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესზე იქნება ორიენტირებული. ეს არის პროგრამა, რომელიც ამ სექტორისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე იქნება ორიენტირებული. 2024 წელი ძალიან აქტიური იქნება, რადგან მთელი რიგი პროდუქტები გაეშვება.“-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.