მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ანჯაფარიძე იმ ბევრი პრობლემის შესახებ საუბრობს, რომელთა გამოც ადგილობრივი წარმოება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა და ფერმერთა რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას მანანა ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად შესაცვლელია საგრანტო პროგრამა, ასევე, აუცილებელია, ფერმერისთვის შესაბამისი განათლების მიცემა, რადგან სწორედ გამოცდილებისა და ცოდნის არქონის გამო უამრავი პროექტი ყოველგვარი შედეგის გარეშე დასრულდა.

„პრობლემების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ფერმერმა არ იცის სწორად მოვლა-მოყვანის ჯაჭვი. არ არის აწყობილი, არ არის სანერგე მასალა, არ არის შესაბამისი კომპეტენცია, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღების შემდგომი პროცედურები - სამაცივრე, შემნახველი მეურნეობები, მთელი მიწოდების ჯაჭვი გაუმართავია. მარწყვის წარმოების მთელი პროცესი ქაოსურია. შესაბამისად, ამ მიზეზების გამო, მოტივირებული ფერმერი დგება იმის წინაშე, რომ შეწყვიტოს წარმოება და სხვა საქმიანობით დაკავდეს. შესაბამისად, იკლებს წარმოება და იმპორტი მატულობს, ექსპორტზე საერთოდ ზედმეტია საუბარი“, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, უკვე წლებია, პროექტების მართვის სააგენტოში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სხვადასხვა ინსტანციაში, ყველა მინისტრსა თუ მინისტრის მოადგილესთან, კარდაკარ დადის და აფიქსირებს, რომ პროექტები გაუმართავია, არ არის შედეგზე ორიენტირებული.

„2013 წლიდან როგორც ჩაეშვა ეს საგრანტო პროექტები, ისე მოდის დღემდე, არანაირი დადებული შედეგი არავის გაუზომია. ამომხმარია ათასობით ბაღი - მაყვალი, ჟოლო, კაკალი, ძალიან ბევრი კულტურა. არ არის საგრანტო პროგრამა მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული. რა საჭიროების მიხედვით შედგა 2013 წელს ეს პროექტი? ამდენი წელი გავიდა, ხომ შეიძლებოდა, გადაეხედათ, კორექტირება მოეხდინათ, ჩაესწორებინათ? წლებია ვსაუბრობ, მაგრამ უშედეგოდ“, - აღნიშნავს მანანა ანჯაფარიძე.

მანანა ანჯაფარიძე საუბრობს იმაზეც, რომ საქართველოში არსებობს შესაძლებლობა, განვითარდეს ბიო მიმართულება. აღნიშნული საკითხიც მას შესაბამის უწყებებში არაერთხელ აქვს დაყენებული, მაგრამ აქაც უშედეგოდ.

„არის კიდეც შესაბამისი პროგრამა პროექტების სააგენტოში, მაგრამ იმდენად უსუსური და შედეგზე არაორიენტირებული, გაუმართავი პროექტია, ბიუჯეტს უკან აბრუნებენ, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს. ვეუბნები, ჩავასწოროთ, რატომ უნდა იყოს მხოლოდ ვენახზე ბიო სერტიფიცირების ხელშეწყობა და არა მარწყვსა თუ სხვა კულტურებზე? პროექტი უნდა იყოს მობილიზებული კონკრეტულ საჭიროებაზე თუნდაც დარგის, რეგიონების მიხედვით. რომელ კონკრეტულ კულტურას რა საჭიროებები აქვს და არა ასე ერთიანი, გავრცობილი პროექტები.

ელემენტარულად, სანერგე მასალა არ გვაქვს უვირუსო, ჯანმრთელი. ის სანერგეები, რომლებიც ვითომდა კვალიფიციურია, არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. სანერგეებმა არ იციან გადარგვის ვადები, როდის რა მეთოდითა და აგროტექნიკით უნდა მოიყვანონ სანერგე მასალა, არადა მეურნეობის წარმატების 90% მოდის ჯანმრთელ, სწორ სანერგე მასალაზე“, - ამბობს მანანა ანჯაფარიძე.