2022 წელს ჯამური FMCG ბაზრის მოცულობა მოსალოდნელზე მეტად, წლიური 37%-ით გაიზარდა, რაც გაუთვალისწინებელი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ზრდა განპირობებული იყო მოსახლეობის დანახარჯების მატებით, მაღალი ინფლაციით, ტურიზმის სწრაფი აღდგენით და მიგრანტების დანახარჯებით - ამის შესახებ საუბარია FMCG სექტორის მიმოხილვაში რომელსაც თიბისი კაპიტალი აქვეყნებს.

„2023-2025 წლებში ბაზრის ეტაპობრივი დასტაბილურებაა მოსალოდნელი, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ წლიური 12%-იან ზრდაში გადაითარგმნება. 2022 წელს ორგანიზებული FMCG ბაზარი, ჯამური ბაზრის მსგავსად წლიური 37%-ით გაიზარდა და 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა. მოკლევადიან პერსპექტივაში ორგანიზებულ FMCG ბაზარზე მაღალი წლიური ზრდის ტემპებია მოსალოდნელია, რაც განპირობებული იქნება როგორც არსებული საცალო მოვაჭრეების გაფართოებით, ისე ახალი მოთამაშეების გამოჩენით.

დედაქალაქის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ორგანიზებული საცალო მოვაჭრეებით, ხოლო რეგიონული ბაზარი საკმაოდ დაბალი პენეტრაციით ხასიათდება. მიუხედავად ორგანიზებულ ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციისა ჯერ კიდევ არის გაფართოებისა და ახალი მოთამაშეების გამოჩენისა და ზრდის პოტენციალი,"- ნათქვამია მიმოხილვაში. მიმოხილვაში საუბარია იმაზეც, რომ დანახარჯების მოცულობის მიხედვით ახალგაზრდა მომხმარებლების წილის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელკომერციის ზრდის პოტენციალისთვის.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ფართო რეგიონულ კომპანიებთან შედარებით, ქართული კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები საგრძნობლად დაბალია, რაც ძირითადად მძაფრი კონკურენტული გარემოთი აიხსნება.2022 წელს ორგანიზებულ FMCG ბაზარზე უპირატესობა მცირე ფორმატის მაღაზიების გახსნას ენიჭებოდა.

როგორც მიმოხილვაშია ნათქვამი, 2022 წელს, ორგანიზებული ბაზრის გადანაწილება მიანიშნებს, რომ ბაზარი საკმაოდ მაღალი კონკურენციით ხასიათდება და მიუხედავად შედარებით მცირე ზომის კომპანიების წილის კლებისა, მეტწილად დივერსიფიცირებულია შვიდ კომპანიას შორის.

2022 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები ბაზრის გადანაწილებაში არ დაფიქსირებულა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, ბაზარზე გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები. ასევე, 2023 წლის იანვრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ფრენჩაიზების კუთხით, რაც ბაზრის მეტ დივერსიფიცირებას გამოიწვევს.

FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით:

  • ნიკორა – 18.1%;
  • ორი ნაბიჯი – 17.0%
  • სპარის სხვა ფრენჩაიზები(დეილი, სპარი) - 16.8%
  • კარფური - 15.0%
  • მაგნიტი - 10.8%
  • გუდვილი - 4.3%
  • აგროჰაბი 4.1%

შედარებით მცირე ზომის კომპანიები - 13.8%

  • ფრესკო - 3.1%
  • მემო/უნივერსამი - 3.0%
  • ზღაპარი - 3.0%
  • მადაგონი - 2.2%
  • ევროპროდუქტი - 1.3%
  • ექსპრეს ქსელი - 1.1%
  • სმარტი - 0.9%.