მიმდინარე წლის ივლისის თვეში საქართველოს ფოსტას, სომხეთიდან, ფოსტის “HayPost CJSC”- ის დელეგაცია ეწვია. საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი სომხეთის ფოსტის “HayPost CJSC”- ის ხელმძღვანელს შეხვდა. ლევან ჩიკვაიძემ სომხეთის ეროვნულ ოპერატორის ხელმძღვანელთან მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფოსტასა და სომხეთის ფოსტას “HayPost CJSC”- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას. ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობასა და მეზობელ ქვეყნებს შორის სატრანზიტო ტვირთების ცვლის ზრდას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და სომხეთის ფოსტის “HayPost CJSC”- ის ხელმძღვანელმა შუშან ალექსანიანმა.