საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დანიელ პარტნიორებსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა, რომლის მიზანიც კერძო სექტორის წარმომადგენელებისთვის შრომის უსაფრთხოების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარება იყო.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის ორგანიზება და დასაქმებულთა ინტეგრაცია სისტემის განხორციელებაში, სამუშაო ადგილებზე რისკების შეფასების სისტემური მოდელის დანერგვა, აღსრულება და ასევე კონტროლი.
ტრენინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და Dansk Industry-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარიმართა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნებისათვის შრომის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.
„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ შრომის უსაფრთხოების ტრენინგი ჩაატარა, რაც საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნეს სექტორისა და მასში დასაქმებული ადამიანებისთვის. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გააძლიერებს კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს შესაბამის სექტორში დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოების დაცვას. ვაპირებთ, აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
Dansk Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.