საქართველოდან მეორადი ავტომობილების დიდი ნაწილი ისევ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გადის. იკლო სომხეთში გაყიდვებმა. მიზეზი 2020 წელს ქვეყანაში ამოქმედებული ახალი საბაჟო რეგულაციებია. საქართველოდან დიდი ოდენობით ავტომობილი იგზავნება რუსეთშიც. კომპანია ,,გლობალ ავტო იმპორტში'' განგვიმარტეს, რომ ხშირად რუსებს საქართველოში პარტნიორი დილერები ჰყავთ და სწორედ მათი დახმარებით ყიდულობენ მანქანებს. სწორედ ამიტომ, ავტოიმპორტიორებს უშუალოდ რუს დილერებთან კონტაქტი არ აქვთ.
,,ჩვენი დაკვირვებით ძირითადი რაოდენობა გადის ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. სომხეთში რამდენიმე წელია ის რაოდენობა აღარ გადის, რაც გადიოდა მათი შეზღუდვების გამო. ასევე რუსეთია გააქტიურებული, თუმცა ჩვენ რუსი დილერები არ გვყავს. შესაძლებელია თანამშრომლობენ ვინმესთან და ასე ყიდულობენ ავტომობილებს. ჩვენი ძირითადი დილერების ნაწილი არის ქართველი და აზერბაიჯანელი. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი შეხება, მაგრამ როგორც ვიცით რუსეთშიც დიდი რაოდენობით გადის ავტომობილები. უკრაინაშიც გადის. თითქმის ევროპის ყველა ქვეყანაში მაინც გადის ავტომობილები. ძირითადი რაოდენობა, ჩვენი დაკვირვებით, ყაზახეთი და აზერბაიჯანია.’’- აცხადებს ,,გლობალ ავტო იმპორტის'' საოპერაციო დირექტორი თინათინ გველესიანი.
საქართველოდან რეექსპორტზე ძირითადად ,,სუბარუ'', ,,ქემრი'' და ,,ტოიოტა'' გადის. ,,გლობალ ავტო იმპორტში'' განმარტავენ, რომ რეექსპორტზე 2012 წელის ქვემოთ მანქანების გატანა ჯერჯერობით შესაძლებელია, თუმცა ქვეყანაში არსებული რეგულაციის გამო ძველ ავტომობილებს დასატოვებლად აღარ ყიდულობენ.
,,2012 წელს ქვემოთ ავტომობილების შეძენა შეჩერებულია. ძალიან ბევრი ჩვენი მომხმარებელი ყიდულობდა ძველ ავტომობილს დასაშლელად, თუნდაც აქ დასატოვებლად. თუმცა, ამ პერიოდისთვის ამ შეზღუდვამ იმოქმედა იმ რაოდენობაზე, რომ ძველი ავტომობილები აღარ შეიძინონ. რეექსპორტზე 2012 წელს ქვემოთაც გადის ავტომობილები. ეს ჯერჯერობით არის შესაძლებელი. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს ქვემოთ ავტომობილი ვეღარ განბაჟდება.’’- აცხადებს ,,გლობალ ავტო იმპორტის'' საოპერაციო დირექტორი თინათინ გველესიანი.