ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით.

 

სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ რომელიც აქტიურად ახორციელებს სფეროს მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის პოლიტიკას.

 

მიხეილ ხიდურელის თქმით: “რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, დღეს საქართველოში უკვე გვყავს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიები, მათ შორის TP და Concentrix. ისინი ჩვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ამ ინდუსტრიის ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი სულ უფრო მზარდია. სხვა ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, ინვესტორებისთვის საინტერესოა ის სტაბილური ეკონომიკური გარემო და სტრატეგიული ლოკაცია, რასაც ჩვენ ვთავაზობთ.“

 

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მომზადდა არაერთი სექტორული კვლევა და საინვესტიციო ანალიტიკური ანგარიში. საქართველო წარდგენილი იყო 30-ზე მეტ საერთაშორისო ფორუმზე, სადაც გლობალურმა მოთამაშეებმა გაიცნეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. გარდა ამისა, სააგენტომ ორგანიზება გაუწია BPO სექტორის ლიდერების 3 ვიზიტს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 20-მდე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა. ასევე, ამოქმედდა FDI გრანტის პროგრამა, რომელიც დამატებით წამახალისებელი მექანიზმია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. შედეგად, საქართველოში ოპერირება დაიწყეს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების სფეროში მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა. დღეს ეს კომპანიები საქართველოდან ემსახურებიან Fortune 500-ის წამყვან ბრენდებს და ქვეყანაში ნერგავენ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

 

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში BPO სექტორში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები არაერთხელ გახდა საერთაშორისო მედიის ინტერესი. ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი სექტორების განვითარებას გამოეხმაურა ანალიტიკური პლატფორმა SSON, რომელმაც საქართველოს ვრცელი ანგარიში მიუძღვნა. რეპორტში ნათქვამია, რომ ქვეყანა გლობალურ რუკაზე ადგილს სწრაფად იმკვიდრებს, რადგან ინვესტორებს სტრატეგიულ ლოკაციას, დაბალ გადასახადებს, კვალიფიციურ სამუშაო ძალას, ბიზნესის წარმოების სიმარტივესა და ციფრულ მზადყოფნას სთავაზობს.

ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.