ახლო აღმოსავლეთის ომმა საქართველოში გამოწვევების წინაშე დააყენა სამკერვალო საწარმოებიც.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გვანცა კვინტრაძემ - IBCCS TAX-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა განუცხადა, ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა არა მხოლოდ ტურისტების მხრიდან შეამცირა შესყიდვები, არამედ შეცვალა ადგილობრივი მომხმარებლის ქცევაც.
„კერძოდ - მომხმარებელი უფრო მოზომილი და თავშეკავებული გახდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენისას, რადგან ეს ნივთები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს არ წარმოადგენს. რაც შეეხება თავად ტურისტების წილს შესყიდვებში, თბილისის სავაჭრო მოლები სავსე იყო ირანიდან, არაბული სახელმწიფოებიდან და ისრაელიდან ჩამოსული ტურისტებით, რომლებიც მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩეოდნენ და საკმაოდ საინტერესო ჩეკი ჰქონდათ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ომის გამო, აღნიშნული ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადებმა იკლო, შემცირებულია მათი ტრაფიკიც სავაჭრო ცენტრებში. შესაბამისად, იკლო გაყიდვებმაც“, - განმარტა გვანცა კვინტრაძემ.
მისივე განმარტებით, ახლო აღმოსავლეთის ომმა დაბრკოლებები შექმნა წარმოების კუთხითაც.
„ვინაიდან ქართული მოდის ინდუსტრია სრულად დამოკიდებულია ნედლეულის იმპორტზე, სამკერვალო საწარმოებს გაეზარდათ სახარჯი მასალების თვითღირებულება, ტრანსპორტირების ხარჯები და დრო. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, გაძვირდა ენერგომატარებლებიც, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს ბიზნესსექტორისთვის. შესაბამისად, ადგილობრივი მწარმოებლები დილემის წინაშე არიან, ან უნდა შეამცირონ მოგების მარჟა, ან გააძვირონ პროდუქცია. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ როდესაც პროდუქცია ძვირდება, მომხმარებელი მისი შეძენისგან კიდევ უფრო მეტად იკავებს თავს“, - აღნიშნა IBCCS TAX-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, სექტორში ელიან, რომ ომის დასრულების შემდეგ, წარმოების ხარჯები ცოტა შემსუბუქდება, თუმცა ნაკლებად ვარაუდობენ, რომ იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაც ომამდე იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი სამოსის წარმოების გარდა, გაძვირებულია თავად მზა ტანსაცმლის იმპორტიც.
ცნობისთვის, სხვადასხვა ანალიტიკური გამოცემის პროგნოზით, გლობალური მოდის ინდუსტრიის შემოსავლებს 2026 წელს 2 ტრილიონი დოლარისთვის უნდა მიეღწია, თუმცა ახლო აღმოსავლეთის ომმა პირდაპირი გავლენა იქონია გაყიდვებზე და რიგ ქვეყნებში, მოდის ინდუსტრიის გაყიდვები 50%-ითაც კი დაეცა.