ერთი თვის წინ იმერეთში მდებარე თხილის გადამმუშავებელმა ქარხანამ ImerNut-მა ადგილობრივ ბაზარზე ქართული თხილის ინდივიდუალური შეფუთვით გაყიდვა დაიწყო სახელწოდებით „OK! თხილი“. როგორც Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით ჩაფრავამ განუმარტა, პროდუქცია ამჟამად მხოლოდ ქუთაისში იყიდება, სამომავლოდ, ტურისტული სეზონისთვის, თბილისსა და ბათუმშიც გაიყიდება. ინფორმაციას EastFruit-ი ავრცელებს.

„რამდენიმე წლის წინ ქაღალდის შეფუთვებში, „დრაივებში“, დაიწყო თხილის გაყიდვა, ჩვენს ბავშვობაში მზესუმზირა რომ იყიდებოდა ისე. გავაანალიზეთ მოთხოვნა და თურქეთიდან  შესაფუთი ჭიქები და აპარატურა შემოვიტანეთ, რომელიც ჰერმეტულად ილუქება და გაყიდვა დავიწყეთ. ხელმისაწვდომი ფასი გვაქვს, 100-გრამიან ჭიქებში სამი სახეობის თხილეულია - თხილი, მიწისთხილი და ნუში. გვინდა ასორტიმენტი 7-8 სახეობამდე გავზარდოთ.

რეალიზაციის უკმაყოფილოები არ ვართ, ბევრად უკეთესი შედეგი გვაქვს ვიდრე ველოდით. ახალი პროდუქტია, ერთჯერად ჭიქაშია, პრაქტიკულია და სუფთაა, ჩვენი საწარმოც სერტიფიცირებულია და HACCP-ია დანერგილი. თხილი ჯერჯერობით მხოლოდ ქუთაისში იყიდება, სხვა რეგიონებში არ შეგვიტანია, მაგრამ ტურისტულ სეზონზე აჭარასა და თბილისშიც ვგეგმავთ საცდელად შეტანასაც,“ - ამბობს დავით ჩაფრავა.

როგორც EastFruit-ი წერს,  ImerNut თხილის გადამამუშავებელი საწარმო 2011 წელს გაიხსნა. 2016 წლისთვის კომპანიამ ახალი საწარმო ააშენა, თუმცა, როგორც მისი დამფუძნებელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე საწარმოს გაფართოება არ არის საჭირო, რადგან კომპანიის ძირითადი შემოსავალი თხილის ექსპორტზე მოდის, რომელიც ოდნავ შემცირდა.

„ძირითადად ექსპორტზე ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყანაში: გერმანიაში, დანიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში... რაღაც შეფერხებები იყო ფაროსანების გამო, ექსპორტმა შედარებით მოიკლო, თუმცა აგვისტოსთვის ახალ მოსავალს ველოდებით და შეკვეთები უკვე გვაქვს.

თუ საწარმო ამ დრომდე, დღეში 5 ტონა თხილს იღებდა და არჩევდა, ახლა ისეთი ხარისხია, 2 ტონაზე მეტს ფიზიკურად ვერ გადაარჩევს ვერც ერთი საწარმო და რეალიზაცია შემცირებულია. 2016 წელს აშენებულმა საწარმომ მოლოდინის 20%-იანი შედეგიც არ გაგვიმართლა, რადგან მისი აშენება და თხილის ხარისხის გაფუჭება ერთმანეთს დაემთხვა“, - ამბობს დავით ჩაფრავა.

მისი თქმით, მიუხედავად ხარისხის გაუარესებისა, ქართული თხილის კონკურენტუნარიანობას საექსპორტო ბაზარზე ხელს დაბალი ფასი უწყობს.

„ქართულ თხილზე მოთხოვნა დამოკიდებულია მის ფასზე. აზერბაიჯანულ და იტალიურ თხილთან შედარებით, ჩვენი თხილი უფრო დაბალი ხარისხისაა. მაგალითად, თუ თურქული და სხვა ქვეყნების 1 კგ თხილი 6$ ღირს, უფრო დაბალ ფასად თუ არ შესთავაზებთ, ვერ გაყიდი. დაბალი ფასით ვუწევთ კონკურენციას, ხარისხობრივ მაჩვენებელზე პრობლემაა “, - ამბობს ImerNut-ის დამფუძნებელი.

გარდა ამისა, ჩაფრავას თქმით, თხილის წარმოებაში კიდევ ერთი პრობლემა კადრების დეფიციტია: „საწარმოში ძირითადად ქალები მუშაობენ. იყო პერიოდი, როცა ჩვენთან 70-მდე ქალი მუშაობდა, ახლა ალბათ 17 მუშა გვყავს. მათი რიცხვი შემცირდა. მოგვიწია დანადგარების შეძენა, რომელიც ადამიანურ შრომას შეამცირებდა და შედეგზე გაგვიყვანდა “.

წინასწარი შეფასებით, წელს საქართველოში 50 000 ტონა გაუტეხავ თხილს ელოდებიან, რაც ImerNut-ის დამფუძნებლის შეფასებით, საშუალოზე მაღალი რაოდენობაა.