,,საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“ საინვესტიციო პროექტებზე მუშაობს, რომელიც ზეთების, აკუმულატორების, ელექტრონული ნარჩენის გადამმუშავებელი ქარხნების მშენებლობას გულისხმობს. გეგმაშია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მეორეული საბურავების გადამმუშავებელი ქარხნების მშენებლობა. საკითხზე ასოციაციის თავმჯდომარემ BM.GE-სთან ისაუბრა.
გიორგი გულიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში დასაწყობებული მეორეული საბურავების დიდი მარაგია, რაც გრძელვადიან პერიოდში პრობლემურია, რადგან საბურავი აალებადია და ხანძრის საფრთხეს ქმნის. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საბურავების ქარხნის 6 თვეში ამუშავებაა შესაძლებელი.
,,როცა მეორეულ საბურავებს ვაგროვებთ, ეს სადღაც უნდა დავასაწყობოთ და რამდენიმე ადგილას გვაქვს დასაწყობებული კიდეც, თუმცა საკმაოდ დიდი მარაგია უკვე. ამის დასაწყობება გრძელვადიანად პრობლემას ქმნის, ვინაიდან დიდი რაოდენობით საბურავი აალებადია და ხანძრის საფრთხეა. გვჭირდება, რომ გარკვეულწილად სისტემურად მოხდეს როგორც შეგროვება, ისე გადამუშავება, ანუ ერთგვარი მიწოდების ჯაჭვი უნდა ავაწყოთ. პროექტები იქამდე არის მიყვანილი, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებია მისაღები და თუ პირობითად ეს დადებითად გადაწყდა, საბურავების ქარხანა შეიძლება ექვს თვეში ჩამოვიტანოთ, დავამონტაჟოთ და გავუშვათ", - აღნიშნა მან.
გიორგი გულიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არ არის სტანდარტული ბიზნესი, რომელშიც ინვესტიციას ჩადებ და 3-4 წელიწადში მოგებას მიიღებ. ამ გარემოების გათვალისწინებით, საჭიროა მისი გარკვეულწილად სუბსიდირება.
"ყველგან, სადაც ფუნქციონირებს ასეთი საწარმოები, სახელმწიფოს მხრიდანაც დასუბსიდირებულია, ხშირ შემთხვევაში მგვ-ების (მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების)მხრიდანაც, ვინაიდან საწარმოს მგვ ორგანიზაცია უხდის თანხას, რათა ნარჩენი დიდი რაოდენობით გადაამუშაოს. შემდეგ იმ გადამუშავებული პროდუქტების გასაღების ბაზარიც პრობლემურია, ვინაიდან თუ ადგილობრივად არ მოვიხმართ იმ პროდუქტებს, კონკურენციაა დიდი და ექსპორტზე გატანაც საკმაოდ პრობლემური საკითხია. ეს საკითხები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და გარკვეული ბიზნესმოდელი არსებობს, როგორ უნდა იფუნქციონიროს ამ საწარმომ, რომ პირობითად პირველ ეტაპზე გარკვეული სუბსიდირება დასჭირდეს, მაგრამ შემდეგ უკვე 6-7 წლის შემდეგ დამოუკიდებლადაც იფუნქციონიროს და მოგებაც დააგენერიროს. ძალიან რთულია დაარწმუნო საქართველოში ბიზნესი, ჩადოს თანხა ისეთ საქმეში, რომელიც გრძელვადიან მოგებას აგენერირებს, ამიტომ ცოტა გაჭიანურდა პროცესი, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს”, - ამბობს "საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის" თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი.
ცნობისთვის, ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. რეფორმის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ვალდებულება უკვე აქვთ ელექტრონული მოწყობილობების, ავტომობილის ზეთების, ბატარეებისა, აკუმულატორების და მეორადი საბურავების იმპორტიორ კომპანიებს. მათ ნარჩენების შეგროვებისა და შემდგომ უკვე გადამუშავების ვალდებულება აქვთ. ამ ეტაპზე აქტიურად საქმიანობს 3 ორგანიზაცია, რომელიც ნარჩენებს აგროვებს და ამუშავებს.