2013-2021 წლებში საქართველოში ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელთა რაოდენობა გაიზარდა. 2021 წელს საქართველოში 268 საავადმყოფო და სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებდა, რაც 31 ერთეულით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე

„თიბისის კაპიტალის“ მიმოხილვის მიხედვით, ასევე, გაიზარდა საწოლების რაოდენობაც. 2021 წელს საწოლების რაოდენობა 20 633 იყო, რაც 77.7%-ით (9033 საწოლით) მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე.

„2013-2021 წლებში საქართველოს საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი საშუალოდ 50% იყო, რაც დაბალი მაჩვენებელია და  რესურსების არაეფექტიანად გამოყენებაზე მიუთითებს. აღნიშნულ პერიოდში  ასევე გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, თუმცა, საქართველოს აქვს ექთანი-ექიმის დაბალი თანაფარდობა (0.98), რაც საექთნო რესურსების პოტენციურ დატვირთვაზე მიუთითებს და ნეგატიურად მოქმედებს პაციენტის მკურნალობასა და მონიტორინგზე“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

2021 წელს ექიმთა რიცხოვნობა 22 495 იყო, ექთნების კი 22 078. ექთნების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, რისი მიზეზიც საექთნო პერსონალის საზღვარგარეთ გადინებაა.