რუსეთის ხელისუფლებამ ფრანგული საავტომობილო კონცერნი Renault SAS დაუმატა იმ კომპანიათა სიას, რომლებიც მუშაობენ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში და რომელთა წინააღმდეგაც მოქმედებს "საგანგებო ეკონომიკური ზომები".

კომპანიას სიაში 75-ე ნომერი აქვს მინიჭებული. 6 ოქტომბერს ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნდა საკანონმდებლო დოკუმენტების ოფიციალურ პორტალზე.

ეს სია რუსეთში 2022 წლის 11 მაისს დამტკიცდა. სიაში შეყვანილ პირებთან აკრძალულია შეთანხმებების გაფორმება, ასევე უკვე გაფორმებული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ასევე აკრძალულია შესრულება ფინანსური ოპერაციებისა, რომელთაგანაც სარგებელს რეესტრში მოხვედრილი უწყებები მიიღებენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ Renault-მა რუსეთი დატოვა. კომპანია AvtoVAZ-ში მისი წილი (აქციათა 67,69%) გადავიდა საავტომობილო და ავტო ძრავების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკუთრებაში. Renault-ს დატოვებული აქვს შესაძლებლობა აქციები ექვსი თვის განმავლობაში გამოისყიდოს. მოსკოვში მოქმედი ქარხანა კომპანიამ გადასცა ქალაქის მმართველობას.

radiotavisupleba.ge