საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 10 ოქტომბერს საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა წარუდგინა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს. ახალი ხედვის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, კერძო სექტორთან ერთად, პროფესიული განათლების მიწოდებაში მონაწილეობაა, რაც ითვალისწინებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მომზადებას, რაც დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის.
რამდენად შესაძლებელია პროფესიულ განათლებაზე ასეთი აქცენტი, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ეკონომისტმა თენგიზ თაქთაქიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით დოკუმენტის დონეზე ეს კარგია, მაგრამ რეალურად რომ დიდი თანხები ჩაიდოს პროფესიულ განათლებაში, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემაა.
„სკოლა დამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მიდის უნივერსიტეტში, ამის მიზეზი კი არის ის, რომ მათ არ უნდათ ჯარში წასვლა. შესაბამისად, ამ პრობლემის მოგვარება არ არის მხოლოდ ერთ ფაქტორზე - პროფესიულ განათლებაში ფულის ჩადებაზე დამოკიდებული. ეს არის კომპლექსური პრობლემა, პირველ რიგში სტიმული უნდა გაჩნდეს ქვეყანაში, რომ ადამიანებმა უნივერსიტეტების ნაცვლად პროფესიული სასწავლებლები აირჩიონ. ამის სტიმული დღეს არ არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამის სტიმული არ არსებობს, არის პრობლემა, რომლის წინაშეც ახალგაზრდები დგანან. მათ არ უნდათ ჯარში წასვლა და ერთი წლის დაკარგვა, ამიტომ პირდაპირ აბარებენ უნივერსიტეტში და მეორე პრობლემა, ეს სუფთა მენტალური პრობლემაა, ჯერ კიდევ ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს გაცნობიერებული, რომ პროფესიული სასწავლებლები შესაძლოა მათი კარიერისთვის კარგი იყოს და ათწლეულებია მოგვყვება ის განცდა საბჭოთა კავშირიდან, რომ ყველამ უმაღლეს სასწავლებლებში უნდა ისწავლოს. ეს ორი პრობლემა თუ არ მოგვარდება, რაც არ უნდა კარგი პროფესიული სასწავლებლები გააკეთონ, იქ ხალხი არ მივა,“ - აღნიშნა თენგიზ თაქთაქიშვილმა.
თენგიზ თაქთაქიშვილის თქმით, საქართველოში დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის ნაკლი არის ის, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე აქცენტი არ კეთდება. თაქთაქიშვილის შეფასებით, როგორც პროფესიულ სასწავლებლებში, ასევე უნივერსიტეტებში სტანდარტები არის ასაწევი.
„როდესაც უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების პრობლემა, ეს ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი ვერ აძლევს იმ ცოდნას სტუდენტს, რაც ბიზნესს სჭირდება და შესაბამისად მათ პროგრამების ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს.
პრობლემის მოსაგვარებლად პირველი ნაბიჯი არის ცნობიერების დონის ამაღლება, ყოველთვის იწყება ამით, ეს თუ არ არსებობს, ჩვენ ადამიანებთან ლაპარაკი არ შეგვიძლია, ანუ ადამიანები, რომელიც ჩვენი სამიზნე სეგმენტია, რომლებმაც უნდა იმუშაონ ბიზნესში, მათ უნდა იცოდნენ, რატომ არის პროფესიული განათლება კარგი. ამაზე შეხვედრები უნდა იმართებოდეს, მათ შორის სკოლებში. უნდა ხდებოდეს იმის დემონსტრირება, რას მიაღწევენ, თუ წავლენ პროფესიული სასწავლებლების გზით და არა უნივერსიტეტების გზით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იცოდნენ სკოლაშივე თუ რომელი პროფესია რას სთავაზობს მას, რადგან ეს ადამიანები უმაღლეს სასწავლებლებში შემთხვევით აბარებენ და ისე ირჩევენ პროფესიას, რომ მის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. ამ ხალხმა უნდა იცოდეს რა მიმართულებით სურს განვითარება მომავალში, ყველაფერი იწყება სკოლიდან და ცნობიერების ამაღლებიდან.
სავალდებულო ჯარის სისტემაც არის შესაცვლელი, რადგან ადამიანების სტიმულები არ დაამახინჯონ. როდესაც ეს მოიხსნება, ამ ადამიანებს მეტი ლავირების საშუალება და თავისუფლად არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება“ - აღნიშნა თენგიზ თაქთაქიშვილმა.