„როცა ქვეყანაში არის ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობა, ასეთ სიტუაციაში ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი ზედმეტი“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი მოლოდინი რაც შეიძლება ამ ვითარებაში გაგვიჩნდეს, რუსი ტურისტების ჩამოსვლაა, რაც ყველა სიტუაციაშია მიუღებელია.

„ტურისტი  მიდის დასასვენებლად იქ, სადაც კეთილგანწყობა, სიწყნარე და სიმშვიდეა. ავღანეთში ხომ არ წავალთ დასასვენებლად, ჩრდილოეთ კორეაში, ან რუსეთში? როცა ქვეყანაში არის ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობა, ასეთ სიტუაციაში ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. ერთადერთი მოლოდინი რაც შეიძლება ამ ვითარებაში გაგვიჩნდეს, რუსი ტურისტების ჩამოსვლაა, რაც ჩვენთვის ყველა სიტუაციაშია მიუღებელია“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ზამთრის ტურისტული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე, მოლოდინი იყო, რომ პანდემიამდელ შედეგებს გავაუმჯობესებდით, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს მოლოდინები შეცვალა.

„დადებითი და ოპტიმისტური განწყობა გვქონდა. გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვყოფილიყავით, ვიდრე პანდემიამდე, მოთხოვნა ნამდვილად გაზრდილი იყო, წლის პირველმა სამმა თვემ, როგორც ფისკალურად, ასევე ტურისტების რაოდენობამ ამის მოლოდინი გააჩინა. მაგრამ როცა ქვეყანაში ასეთი არეულობაა, ცემა-ტყეპა და სადარბაზოებში ადამიანების დახვედრები მიდის, როცა დაძაბული სიტუაციაა და, თუნდაც, მცირეოდენი კითხვის ნიშანი ჩნდება სტაბილურობასთან მიმართებაში, ტურისტი ასეთ ქვეყანაში დასვენებას აღარ ისურვებს“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

რესტორატორი იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი მაინც სასიკეთოდ შეიცვლება და მთავრობა „რუსულ კანონს“ უკან გაიწვევს.

„დარწმუნებული ვარ მაინც, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, გონს მოეგება ის, ვინც უნდა მოეგოს, წავადა დათმობაზე და ამ რუსულ კანონზე უარს იტყვის“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.