ბათუმში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მფლობელებმა გასაყიდად ორი მსხვილი სასტუმრო გამოიტანეს. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ 26 მილიონ დოლარად იყიდება Best Western Premier Batumi, 22 მილიონად The Grandeur Hotel-ი და17 მილიონ დოლარად Legend Business Hotel Batumi.

აჭარის რეგიონში სასტუმროების გასხვისების შესახებ გაზრდილ განცხადებებზე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრობს უძრავი ქონების სააგენტო „რეინვესტის“ დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძეც. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სასტუმროების გაყიდვის შესახებ განცხადებები 30%-ით არის გაზრდილი.

ბოლქვაძე არ გამორიცხავს, რომ სასტუმროების გაყიდვის გადაწყვეტილება მფლობელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით ნეგატიურმა მოლოდინებმა მიაღებინა.

„მსგავსი განაცხადები [სასტუმროების გაყიდვის შესახებ] იყო 2024 წელსაც, ახლაც არის ამ კუთხით მომართვიანობა იმიტომ, რომ წმინდად ტურიზმის სექტორზე დაფუძნებული ბიზნესია და ამ სექტორში მოლოდინები შესაძლოა, არ იყოს ისეთი ოპტიმისტური, როგორც სავაჭრო კომერციული ფართების შემთხვევაშია. კერძოდ, სასტუმროს ბიზნესი ზოგადად სენსიტიურია პოლიტიკურ მოვლენებთან მიმართებაში“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

გარდა ამისა, ბოლქვაძე ამბობს, რომ წლის დასაწყისი ბათუმში სასტუმროების გაყიდვის კუთხით ზოგადად მაღალი მომართვიანობით გამოირჩევა, რაც გამოწვეულია იმით, რომ კონკრეტული მფლობელები შესაძლოა, საქმიანობის სფეროს შეცვლას გეგმავდნენ.

„სასტუმროების გაყიდვის კუთხით არის მოთხოვნა, შეიძლება ითქვას, რომ განაცხადები 30%-ით მაინც არის გაზრდილი, ვიდრე აქამდე. ამას ის ფაქტორიც უწყობს ხელს, რომ ჯერჯერობით ტურისტული სეზონი პასიურია და სასტუმროს მფლობელი შესაძლოა, იცვლის ბიზნესს სფეროს, ან სხვა საინვესტიციო მიზნებისთვის ესაჭიროება სასტუმროს გასხვისება.

ამასთანავე, ახალი ინვესტორისთვისაც კარგი პერიოდია, წლის დასაწყისია და ოპტიმალურია, რომ ახალ ტურისტულ სეზონს შეხვდეს ახალი სასტუმროთი. ეს ტრანზაქციები სეზონის გასაყარზე ხშირად იზრდება ხოლმე. სასტუმროების ყიდვა/გაყიდვის პროცესი ბათუმის შემთხვევაში თებერვლიდან იწყება ხოლმე და მარტის ჩათვლით ეფექტური პერიოდია“, - განაცხადა ლევან ბოლქვაძემ.

www.bpn.ge