„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, კომისიას მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი. ცვლილებებით ასევე განისაზღვრა, თუ რა პერიოდით ისარგებლებენ 2027 წლის 1 იანვრის შემდეგ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები ნეტო აღრიცხვის სქემით.

რატომ გადავდივართ ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვამდე?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ აქამდე ენერგეტიკის სექტორში ნეტო აღრიცხვის სისტემა მომქედებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  თუ მზის პანელები გაქვთ და ელექტროენერგიას გამოიმუშავებთ, თქვენი გამომუშავებული ენერგია და ქსელიდან მოხმარებული ენერგია ურთიერთსასარგებლოდ დაგიბალანსდებათ. მარტივად რომ ვთქვათ: თუ მეტს გამოიმუშავებთ, ვიდრე მოიხმართ, ზედმეტ ენერგიას მიაწოდებთ ქსელს და ამისთვის კრედიტი დაგერიცხებათ. ეს კრედიტი მომავალში გამოგადგებათ, როცა ნაკლებს გამოიმუშავებთ ან მეტს მოიხმართ. თუ ნაკლებს გამოიმუშავებთ, ვიდრე მოიხმართ, მაშინ განსხვავებას ქსელიდან აიღებთ, მაგრამ თქვენი დაგროვილი კრედიტების ხარჯზე. ხოლო თუ კრედიტები არ გაქვთ, მაშინ გადაიხდით მოხმარებულ ელექტროენერგიაზე, როგორც აქამდე. ამ სისტემის დანერგვის მიზანი იყო  წაეხალისებინა მოქალაქეები საკუთარი განახლებადი ენერგიის წყაროების დამონტაჟებისკენ.

თუმცა ამ სისტემამ თავისი როლი უკვე შეასრულა, უფრო კონკრეტულად, ჩვენ თითქმის ნულიდან 100 მეგავატ ენერგიას გადავაჭარბეთ. ამასთან, სისტემაში ჩართული მომხმარებლების რაოდენობაც გაიზარდა და უკვე 1 500 აჭარბებს. გარდა იმისა, რომ მომხმარებლებმა მიიღეს გარკვეული ფინანსური სარგებელი, ამავდროულად მეტი შეიტყვეს განახლებად ენერგიებზე, გახდნენ უფრო აქტიურები და  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პოლიტიკამ დადებითად იმოქმედა ქვეყანაზე. ახლა კი, საჭიროა, ახალ მექანიზმზე გადასვლა, რომელიც ნეტო დარიცხვას გულისხმობს.

რა არის ნეტო დარიცხვა?

უნდა აღინიშნოს, რომ ნეტო დარიცხვის სისტემის დანერგვა ევროპასთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ნაწილია და მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების წახალისებას.

ნეტო დარიცხვის სისტემა თანდათანობით ჩაანაცვლებს ნეტო აღრიცხვის სისტემას, რომლის ვადა 2026 წლის ბოლოს იწურება. თუმცა, მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მიერ შეთავაზებული ახალი რეგულაციებით, შესაძლოა, მასზე გადასვლა ვალდებულებით გათვალისწინებულზე ადრე მოხდეს.

ძირითადი ცვლილება:

* ნეტო აღრიცხვის სისტემის დროს, თუ მზის პანელებით გამოიმუშავებდით ჭარბ ელექტროენერგიას, ის პირდაპირ გექვითებოდათ მოხმარებულ ენერგიაზე და ქსელის მომსახურების საფასურს არ იხდიდით. ეს იყო ერთგვარი ჯვარედინი სუბსიდირება.

* ნეტო დარიცხვის დროს, აქტიური მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია ფინანსურად ანაზღაურდება და კვტ/სთ ელექტროენერგია არ შეინახება კრედიტად მომავალი გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ აქტიური მომხმარებელი იღებს ანაზღაურებას გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის და ამასთანავე იხდის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას, როგორც ნებისმიერი სხვა საბოლოო მომხმარებელი.

რატომ ხდება ეს ცვლილება?

ევროპის მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნები, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, მიიჩნევს, რომ ნეტო აღრიცხვა ეფექტიანია მხოლოდ წარმოების ბაზრის განვითარების საწყის ეტაპზე. შესაბამისად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ნეტო დარიცხვის სისტემა უფრო სამართლიანად გაანაწილებს ქსელის მოვლა-პატრონობის ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ კანონში შეტანილი ეს ცვლილებები თავისი კონცეფციით ხელს უწყობს ერთი სისტემიდან მეორე სისტემაზე უმტკივნეულოდ გადასვლას. უფრო კონკრეტულად, ის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები, რომლებიც უშუალოდ 2027 წლის პირველ იანვრამდე იქნებიან გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულები, 2033 წლის 1 იანვრამდე ისარგებლებენ ქსელზე მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით - წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით და შედეგად სისტემის და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებით. მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა ჩადებული ინვესტიცია ამოიღონ კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად. სწორედ ეს განაპირობებს უმტკივნეულოდ გადასვლის პროცესს. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ენერგეტიკის სექტორის სტრატეგია ევროპულ ენერგეტიკულ ოჯახში სრულფასოვან წევრობას გულისხმობს, ეს კი არ გამოვა თუ ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩო პირობები ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიაში არ იქნება. ხოლო აღნიშნულ ნეტო დარიცხვაზე გადასვლას თავად ევროპის მე-4 ენერგეტიკული პაკეტიც ითვალისწინებს.  როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნეტო აღრიცხვამ უკვე შეასრულა თავისი პოზიტიური როლი ენერგეტიკულ სექტორში, თუმცა მისი მუდმივად დატოვების პროცესი გარკვეულ საფრთხეს ქმნიდა, უფრო კონკრეტულად, ნეტო აღრიცხვამ იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ დღეს უკვე საფრთხეს ქმნის სატარიფო პოლიტიკისთვის, რაც შეიძლება ტარიფის გაზრდის მიზეზი გახდეს. ეს ნეტო აღრიცხვის სისტემა არის სუბსიდირებული, არ ვიხდით ქსელურ კომპონენტსნA წერტილიდან B წერტილამდე ელექტრო ენერგიის მიტანაში არ ვიხდით ფულს, ანუ მიტანაც იქვითება ამ შემთხვევაში. განაწილების, გადაცემის ტარიფები არ მონაწილეობს ნეტო აღრიცხვაში, ნულზე სწორდება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ბენეფიტია. ზუსტად ეს არის, რაც ეწინააღმდეგება ევროპაში მოქმედ მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტს და მასში არსებულ დირექტივებს, რომ ეს არის გარკვეულწილად დისკრიმინაციული. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ევროკავშირის დირექტივებთან სრულ ჰარმონიზაციაში ვიყოთ. დირექტივა ამბობს ასეთ რაღაცას, რომ - არ შეიძლება ერთი კატეგორიის მომხმარებლის ხარჯზე დისკრიმინაციული მიდგომით დაასუბსიდირო მეორე მომხმარებელი. აქედან გამომდინარე, ნეტო დარიცხვაზე გადასვლა ენერგეტიკული სექტორის განვითარების პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა.