კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლების უმეტესობა დღეს პროფესიულ გამოწვევებს, გადაღლილობასა და ფინანსურ გაურკვევლობას ებრძვის. ამის შესახებ Creative Boom-ის 2026 წლის კვლევა მიუთითებს, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 882 კრეატიული პროფესიონალი მონაწილეობდა. გამოკითხულთა 43%-ს ინდუსტრიაში მუშაობის ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

კვლევა აჩვენებს, რომ ეს მხოლოდ დროებითი სირთულე არ არის. მონაწილეთა შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, ეკონომიკური გამოწვევები და დამკვეთების შეცვლილი მოლოდინი კრეატიულ პროფესიებზე სამომავლოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ყოველი სამი ადამიანიდან ორმა გადაღლილობა განიცადა

გამოკითხულთა 69% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში პროფესიული გადაწვის (burnout) გამოცდილება ჰქონდა.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საშუალო კარიერულ ეტაპზე მყოფ პროფესიონალებში დაფიქსირდა, მათ მოსდევს კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კრეატორები, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სააგენტოების ხელმძღვანელებსა და დამფუძნებლებს შორის, თუმცა გადაღლილობის მაჩვენებელი აქაც 59%-ს აღწევს.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ დამფუძნებლებს სამუშაო დატვირთვასა და დამკვეთების არჩევაზე მეტი კონტროლი აქვთ, მაშინ როცა საშუალო რგოლის თანამშრომლებს ერთდროულად პროექტების მართვა, ახალგაზრდა თანამშრომლების ხელმძღვანელობა და კლიენტების მოთხოვნებზე რეაგირება უწევთ.

AI-ს თითქმის ყველა იყენებს, მაგრამ ცოტა ენდობა

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედეგი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მის მიმართ დამოკიდებულებას შორის არსებული განსხვავებაა

გამოკითხულთა 86% უკვე იყენებს AI ინსტრუმენტებს ყოველდღიურ საქმიანობაში, თუმცა მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიაზე მთლიანობაში დადებით გავლენას ახდენს. 58% ამბობს, რომ მისი გავლენა ერთდროულად დადებითიც არის და უარყოფითიც, ხოლო 28% AI-ს ძირითადად ნეგატიურად აფასებს.

კვლევის ავტორების შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ კრეატიული პროფესიონალები AI-ს ენთუზიაზმით კი არა, აუცილებლობის გამო იყენებენ. 

ფინანსური უსაფრთხოების განცდა მცირდება

გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით დღეს თავს ფინანსურად ნაკლებად დაცულად გრძნობს. მონაწილეთა თითქმის ნახევარი ასევე შეშფოთებულია იმით, თუ რა მიმართულებით ვითარდება კრეატიული ინდუსტრია, ხოლო 38% სამუშაო ადგილის შეცვლას განიხილავს. მათგან 7,5% კრეატიული სფეროს საერთოდ დატოვებასაც გეგმავს.

რას ელიან კრეატიული პროფესიონალები

კითხვაზე, რა გააუმჯობესებდა მათ სამუშაო გარემოს, რესპონდენტებმა პირველ ადგილზე ახალი ტექნოლოგიები კი არა, ადამიანური ურთიერთობები დაასახელეს.

57,5%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ქსელები და თანამოაზრეების საზოგადოებაა, 53% კი მენტორობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ახალი ტექნოლოგიები და პროგრამები პრიორიტეტად მხოლოდ 31%-მა დაასახელა.

კვლევის ავტორების შეფასებით, ეს შედეგი აჩვენებს, რომ ინდუსტრიას დღეს ყველაზე მეტად არა ახალი AI-ფუნქციები, არამედ გამოცდილების გაზიარება, პროფესიული მხარდაჭერა და ძლიერი კავშირები სჭირდება.

www.marketer.ge