თბილისის ანძის მოდერნიზაცია 2027 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს. როგორც Business Insider Georgia-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ დროისათვის წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისის სატელევიზიო ანძის განვითარების და ტურისტული თავშეყრის პუნქტად ქცევის პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტს კომპანია Kass Group-ი ახორციელებს და იგი მოიცავს სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრის, პანორამული რესტორნის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. Kass Group-ი აღნიშნული ობიექტის ოპერირებას განახორციელებს 25 წლის ვადით.
„პროექტის პირველადი ვერსია მომზადებული იქნა ესტონური საკონსულტაციო კომპანიის „KOKO“-ს მიერ შემუშავებული კონცეფციის და კვლევების შესაბამისად. ხოლო შემდგომ, კომპანიის მიერ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის და დეტალური პროექტირების შედეგების გათვალისწინებით, კიდევ უფრო დაიხვეწა პროექტი და ამჟამად მიმდინარეობს წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.
ირკვევა, რომ პანორამული რესტორანი განთავსებული იქნება 70 მეტრ სიმაღლეზე და დაახლოებით 110 სტუმარს უმასპინძლებს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არანაკლებ 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება, თუმცა კომპანიის განცხადებით, პროექტზე დაიხარჯება გაცილებით მეტი მოცულობის თანხა. პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადა 2027 წლის მარტის ბოლოა.
პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით, რაც ასევე მოიცავს იმას, რომ თბილისის მთავრობის მხრიდან არაუმეტეს 1 000 000 ლარი მიმართული იქნება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
გარდა ამისა, ოპერირების პერიოდში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სატელევიზიო ანძის (გარდა საპროექტო ტერიტორიისა) განათებას, იმ სტანდარტითა და ხარისხით, როგორც ეს ხორციელდება დღეისათვის.
პროექტი ხორციელდება ასევე ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით. კერძოდ, სატელევიზიო ანძა და შესაბამისი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს - საქართველოს ტელერადიოცენტრის საკუთრებას.
„როგორც აღვნიშნეთ, ოპერირების ფაზა მოიცავს სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან 25 წელს. ამ ვადის განმავლობაში კომპანიის მიერ შენარჩუნებული იქნება საქმიანობის პროფილი და სატელევიზიო ანძა იფუნქციონირებს პროექტით გათვალისწინებული დატვირთვით და ფუნქციით“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს თბილისის მერიაში.
წყარო: businessinsider.ge