რა ბედი ეწია „ჰოლივუდ სითის“ პროექტს, რომელიც კასპის რაიონში, სოფელ წინარეხთან უნდა აშენებულიყო. „კომერსანტი“ აღნიშნული კითხვით კომპანია sweff land group - ის წარმომადგენლობას დაუკავშირდა. კომპანიაში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხი არ აქვთ და სხვა პროექტებზე საუბარს ამჯობინებენ.

„ჩვენ გადავამოწმეთ მენეჯმენტთან და ამჟამად ამ საკითხზე ახალი ინფორმაცია არ გვაქვს“ – აცხადებენ sweff land group-ში. კომპანიაში ამბობენ, რომ sweff land group ამჟამად ბიზნესის ციკლის ახალ ფაზაზეა და ძირითადი აქცენტი შავ ზღვასა და თბილისში მიმდინარე პროექტებზე კეთდება.

სვიფ ლენდ გრუპი” - საინვესტიციო დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც 2021 წლის თებერვალში საქართველოს ბაზარზე დაიწყო ოპერირება. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით კომპანია საქართველოში, დმანისის რაიონში, სოფელი მაშავერაშია დარეგისტრირებული, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქე მაჰმოუდ სამი ბადავი მოჰამედია.

გასულ წელს, კომპანიის იმ დროინდელი მარკეტინგის ხელმძღვანელი ირმა ელბაქიძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ კასპში, სოფელ წინარეხთან, მულტიფუნქციური კომპლექსი „ჰოლივუდ სითი“ აშენდებოდა, რომელსაც საინვესტიციო დეველოპერული კომპანია „სვიფ ლენდ გრუპი“ ახორციელებდა.

„ჰოლივუდ სითის“ პროექტის მთლიანი ფართობი 14 ჰა-ზე მეტი უნდა ყოფილიყო, მშენებლობა კი მხოლოდ მესამედზე განხორციელდებოდა, დანარჩენი ტერიტორია კი ბუნებრივი ლანდშაფტი შენარჩუნდებოდა. კომპლექსი გასართობ და სპორტულ სივრცეებს, კომერციულ ფართებს, სასტუმროს, საცხოვრებელ ვილებს და კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით კინოს შემსწავლელ ცენტრს გააერთიანებდა. გარდა ამისა, ადგილზე მცირე ზომის გადასაღები მოედნები უნდა მოწყობილიყო, სადაც სხვადასხვა სატელევიზიო პროექტის განხორციელება და კინო გადაღებების წარმოება იქნებოდა შესაძლებელი.