ქობულეთში ჩილიმის არომატების საწარმო გაიხსნა. საწარმო ლიბანური ინვესტიციით შეიქმნა და ინვესტიციის მოცულობა 5.5 მლნ ევროს შეადგენს.
ჩილიმის საწარმოს მშენებლობა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა, ასევე შესაძლებელი გახდა ნედლეულისა და ჩილიმის თამბაქოს დამაფასოვებელი დანადგარის შეძენა. ჩილიმის არომატების ქარხანა ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული და ის მსგავსი ტიპის პირველი საწარმოა საქართველოში.
საწარმოში მზადდება მოსაწევი ყალიონი, ასევე, ჩილიმის 112 სახეობის არომატიზირებული პროდუქტი. საწარმოო ხაზი 2023 წლის იანვრის თვიდან გაიხსნა და კომპანია უკვე გადის საერთაშორისო ბაზარზე წარწერით - „სიამაყით დამზადებულია საქართველოში“.
ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 35 ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა. კომპანია წლის ბოლომდე დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.


