„გოგორას“ ხის სათამაშოების საწარმო ზემო აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში აგვისტოდან ამუშავდება. „გოგორას“ მეორე, საბავშვო ავეჯის საწარმო თბილისში 6 თვის წინ გახსნა, სადაც ევროპული ხარისხის, მრავალფუნქციური და ბავშვის განმავითარებელი მონტესორის ავეჯი იყიდება. საწარმოების სრულ ინვესტიცია, დაახლოებით 500 000 ლარია. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „გოგორას“ დამფუძნებელი ნინო რაზმაძე აცხადებს, მათი პროდუქცია თავიდანვე ექსპორტზე იყო გათვლილი, მაგრამ რაკი საქართველოში მოპოვებულ ხეს FSC სერტიფიკატი არ აქვს, საბავშვო ავეჯის ექსპორტზე გატანა პრობლემურია. კომპანია ამ პრობლემასთან გამკლავებას საკუთარი ტყის გაშენებით გეგმავს, სადაც გაზრდილ პავლონიის ხეს 5 წელიწადში წარმოებაში გამოიყენებენ და მისგან დამზადებულ სათამაშოებსა და ავეჯს ექსპორტზე გაიტანენ.
„კომერსანტი“ ნინო რაზმაძეს „გოგორას“ სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის საწარმოებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
როდის და რამ განაპირობა თქვენი სათამაშოებითა და საბავშვო ავეჯით დაინტერესება?
ნინო რაზმაძე, გოგორას დამფუძნებელი: 2017-2018 წლები გვქონდა „ERASMUS+“-ის პროექტი ჩვენს ლატვიელ პარტნიორებთან ერთად, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას გავეცანით - ვინ როგორ იცავდა იუნესკოს მიერ აღიარებულ კულტურულ მემკვიდრეობას და ამის ფარგლებში ვნახეთ ესტონური და ლატვიური მაგალითები სათამაშოების, ავეჯისა და რეწვის სხვა მიმართულებით. გამიჩნდა იდეა, რომ ზემო აჭარაში გამეკეთებინა სათამაშოების საწარმო, სადაც ტრადიციული სათამაშოების განახლება მოხდებოდა. 2018 წელს CENN-ის დაფინანსებით პატარა საწარმო მოვაწყვეთ, მაგრამ მაშინ ამ სფეროში ისეთი ცოდნა და გამოცდილება რაც ახლა მაქვს, არ მქონდა.
ერთი წლის შემდეგ პროტოტიპების პროექტზე ვიმუშავე, სადაც ზურა შევარდნაძის გარდენიას კოლექციიდან აჭარული ნაქარგობების მიხედვით სათამაშოები გავაკეთეთ სოციალური საწარმო „დადარის“ დახმარებით. ეს პროექტი 2019 წელს „შემოქმედებითი საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა. ასევე გავაკეთეთ აჭარული ჭურჭლის შესაბამისი პროტოტიპების სათამაშოები ქედის ოსტატ რესან ჟოჟაძესთან ერთად.
როდის გაიხსნება აჭარაში სათამაშოების საწარმო?
ქედას მუნიციპალიტეტში 260 კვ. მ-ზე მოწყობილი საწარმო გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. ის აღჭურვილია ენერგოეფექტური გათბობის სისტემითა, მწვანე ტექნოლოგიებით, ადაპტირებულია შშმ პირებზე და სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ივნისის 30-ში შევიტანეთ განაცხადი მის ექსპლუატაციაზე შესვლაზე და საწარმო აგვისტოდან დაიწყებს მუშაობას. ჩვენი თბილისის საწარმო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით ფუნქციონირებს.
რა ეღირება „გოგორას“ სათამაშოები?
სათამაშოების ფასი 20-დან 100 ლარის ფარგლებში იქნება. ასაკობრივი სეგმენტი არის 6 წლამდე. ფაზლების მიმართულებით და საგანმანათლებლო ხაზით რომ წავალთ, მერე 12-14 წლამდე სეგმენტსაც დავფარავთ.
საბავშვო ავეჯის წარმოება როდის დაიწყეთ და რა ტიპის ავეჯს ამზადებთ?
საბავშვო ავეჯის წარმოებისთვის საწარმოს ფილიალი თბილისში გავაკეთეთ, სადაც 6 თვეა მონტესორის ავეჯის გაყიდვები დავიწყეთ. მონტესორის ავეჯს და ქართული თემატიკის სათამაშოებს აერთიანებს ის, რომ ყველა პროდუქტი არის განმავითარებელი, მრავალფუნქციური და მენტესორის ვალდორფის, პიკლერის ბავშვის აღზრდის მეთოდოლოგიასთან მეგობრული. ამ წუთას მონტესორის ავეჯის გაყიდვები გვაქვს და სათამაშოების პროტოტიპები აჭარის საწარმოს ამოქმედებას ელოდება.
რამდენია თქვენი საწარმოების ინვესტიცია?
აჭარის საწარმო UNDP-ის დაფინანსებით გაკეთდა, მეორე - თბილისის ფილიალი „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით. ახლახან გავიმარჯვეთ USAID-ის პროგრამაშიც, რომელიც სპეციალურად ქალი მეწარმეებისთვის UNDP და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოცხადდა. „აწარმოე საქართველოს“ 4 პროგრამის ბენეფიციარები ვართ, მთლიანობაში სრულ ინვესტიცია, როგორც გრანტის, ისე ჩვენი თანამონაწილეობით დაახლოებით 500 000 ლარია.
რა ტიპის ავეჯი გაქვთ გაყიდვაში და როგორია ფასები?
ეს არის საბავშვო მონტესორული ავეჯი: საცოცი სამკუთხედი; სასწავლო, დამხმარე კოშკი, რომლის დახმარებითაც ბავშვს მაღალ ზედაპირებთან უსაფრთხო ადაპტაციის შესაძლებლობა აქვს; მონტესორის კუბი სკამი, მონტესორის კუბი მაგიდა, რომელიც ფუნქციურად ავითარებს ბავშვს; წიგნების კარადების სხვადასხვა ვერსიები, რომლებიც ბავშვისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომია; საფეხური საქანელა ნავი და ა.შ.
რაც შეეხება ფასებს, ხარისხიანი ნედლეულისგან შექმნილი პროდუქციის ფასი არ არის ისეთი, როგორიც ლამინატის ან პლასტმასასი. მაგრამ ჩვენ თავს ვიწონებთ იმით, რომ ყველაზე დაბალი თვითღირებულება გვაქვს და ამას საკუთარი წარმოებით მივაღწიეთ. ავეჯის ფასები 100-დან 500 ლარამდეა. საფასო მიმართულებით მოხერხებული შეთავაზებები გვაქვს - უპროცენტო შიდა განვადება, მამებისთვის არადაანონსებული ფასდაკლებები, სხვადასხვა ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის საჩუქრები, ან დიდი ფასდაკლებები და სხვა.
სკამის საწყისი გასაყიდი ფასი 140 ლარია, ჩვენ როცა ვყიდით 20-30%-იანი ფასდაკლებები გვაქვს და 90-100 ლარის ფარგლებში ღირს, წიგნების თაროს ფასი 250 ლარია, ფასდაკლების დროს - 160-170 ლარი. ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია კარადა მონტესორის პრინციპებით, რომელიც 500 ლარი ღირს.
სად იყიდება „გოგორას“ ავეჯი?
„პატარა ბაზარში“, ონლაინ - ვებგვერდიდან და ფეისბუქიდან, ასევე შევიტანთ პროდუქციას „გალერეა 27-ში“.
როდის აპირებთ ევროპის ბაზარზე შესვლას?
უცხოეთს რაც შეეხება, ჩვენი პროდუქტი თავიდან ბოლომდე დაგეგმილია ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტთან დაკავშირებით სექტორს აქვს პრობლემა სერტიფიცირებულ ხეზე. საქართველოში ტყეებს არ აქვს FSC-ის სერტიფიკატი, ეს ტყის მდგრადი მართვის სერტიფიკატია. ომის შემდეგ რუსეთის და ბელარუსის ტყეებს მოუხსნეს ეს სერტიფიკატი. საცალო გაყიდვები გვქონდა ევროპაში, მაგრამ ეს რეალური ექსპორტი არ არის. ამ წუთას კონცენტრირებული ვართ, რომ ქართული ბაზარი და წარმოება განვავითაროთ და შევიძინოთ გამოცდილება. არის ერთეული გამონაკლისი კომპანიები, რომლებსაც ეს სერტიფიკატი არ აინტერესებს, მაგრამ ასეთი კომპანიები ძალიან ცოტაა.
სათამაშოებზეც არის ხის სერტიფიცირების პრობლემა, რაში ხედავთ გამოსავალს?
სათამაშოების სექტორშიც იგივე პრობლემაა. ამიტომ გადავწყვიტე, გავაკეთოთ სწრაფად მზარდი ხის ტყე, სადაც გავაშენებთ პავლონიის ხეს, რომელიც ჩვეულებრივ ხესთან შედარებით მსუბუქია და ხედ არა, მცენარედ ითვლება. ამ მასალას აქტიურად იყენებენ წარმოებაში გერმანიასა და იაპონიაში. პავლონიის ხე რომ მოიჭრება, 5 წელიწადში იგივე ადგილზე ამოდის, ზოგიერთ ჯიშს 15-ჯერ შეუძლია საკუთარი თავის დაგენერირება. ტყეს ზემო აჭარაში ვაშენებთ. 200 ცალ ნერგს შევიძენთ და 5 წელიწადში უკვე მის წარმოებაში გამოყენებას შევძლებთ. ტყის გაშენებას ჩვენი რესურსით შემოდგომაზე ვაპირებთ.