„ქეშბექს“ ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა ის გავხადოთ ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვის. შესაბამისად, 80% ამ „რიბეითის“ უშუალოდ მიდის თაროს ფასის შემცირებაზე“, – ამის შესახებ „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ქარქაშაძემ პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქეშბექი“ ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია როდუქციის წარმოჩენისა და რეალიზაციისთვის.
„კარფურის“ კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც აქ ცნობილია როგორც ე.წ. ქეშბექი, თუ პირდაპირ ვთარგმნით, ეს არის ფასდაკლება. ფასდათმობა არსებობს ორი სახის - შეიძლება აისახოს პროდუქციის თვითღირებულებაში ან არ აისახოს თვითღირებულებაში და წარმოჩინდეს მოგება-ზარალის უწყისში ცალკე ხაზად. დღეს საქართველოში მოქმედებს პრაქტიკა, რომ ეს ფასდათმობა როგორც წესი, არ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში.
ეს „რიბეითი“ იგივე „ქეშბექი“ ერთი მხრივ, წარმოადგენს ჩვენს სერვისს, რომელსაც ვუწევთ მომწოდებლებს, დისტრიბუტორებს და მწარმოებლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია ამ პროდუქციის წარმოჩენისა და რეალიზაციისთვის. ამავე დროს, ამ „რიბეითებს“ ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა ის გავხადოთ ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვის. შესაბამისად, 80% ამ „რიბეითის“ უშუალოდ მიდის თაროს ფასის შემცირებაზე.
ამ თვალსაზრისით, ჩვენი სრული ასორტიმენტიდან, რომელიც დაახლოებით, 40 000 ერთეულამდეა, გამოყოფილი გვაქვს ულტრასენსიტიური და სენსიტიური კალათა, ეს არის ძირითადად ყველაზე სწრაფად მოხმარებადი და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია, რომლებზეც მუდმივად გვაქვს კონტროლი ფასებთან მიმართებით, რათა ეს პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა ქარქაშაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეშვიდე სამუშაო სხდომა იმართება.