რამდენიმე თვეში ქართულ ბაზარზე ტაქსების ამერიკული აპლიკაცია Lyft-ი შემოვა. ის ქვეყანაში ოპერირებას, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყებს.
ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტაქსის კომპანია „კომფორტ-ტაქსის“ დამფუძნებელმა ლევან თავართქილაძემ განუცხადა, რომელსაც ამ საკითხზე მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან უკვე დაწყებული აქვს.
ლევან თავართქილაძის განცხადებით, ქართულ ბაზარზე უკვე წარმოდგენილია ტაქსის ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა „იანდექსი“ და „ბოლტი,“ თუმცა არცერთი მათგანი ამერიკული არაა და, შესაბამისად, Lyft-ი იქნება ტაქსის პირველი ამერიკული ოპერატორი.
მისივე თქმით, აპლიკაციას ექნება სხვადასხვა ტექნოლოგიური უპირატესობა, რომელიც მგზავრის ოპერატიულ, ხარისხიან და უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფს. კერძოდ, იქნება ხარისხის მონიტორინგის სისტემა - მძღოლების მომსახურება და მათი მანქანის გამართულობა მუდმივ რეჟიმში შემოწმდება და ამის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს ტაქსის გამოძახებისთანავე მიეწოდება. ამასთან, მძღოლების მიმართ იქნება ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა ავტომობილის მოწესრიგებულ მდგომარებაში ყოლა, მგზავრის მიმართ კეთილგანწყობილი ურთიერთობა, შესაბამისი ვიზუალი, ტანისამოსი და ა.შ.
იარსებებს მძღოლების პირველი, მეორე და მესამე კატეგორიები და ვინც საუკეთესო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და მაღალი რეიტინგი ექნება, მისი ანაზღაურებაც უფრო მაღალი იქნება.
„მომსახურების ხარისხის შემოწმება მხოლოდ „ქოლებით“ არ მოხდება. შევაფასებთ ნებისმიერ შემთხვევას და მასზე იქნება მყისიერი რეაგირება,“ - განაცხადა ლევან თავართქილაძემ.
მისივე თქმით, Lyft-ი ტაქსების აპლიკაციების ამერიკულ ბაზარზე მეორეა „უბერის“ შემდეგ.
ცნობისთვის: Lyft-ი სან-ფრანცისკოში დაფუძნდა, მისი დევიზია: „your friend with a car“ „(თქვენი მანქანიანი მეგობარი“). კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მათი სერვისი 30%-ით იაფია ტრადიციული ტაქსების მომსახურების ტარიფთან შედარებით.