სასამართლომ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრებს - რუს ოლიგარქებს, მიხაილ ფრიდმანს, პიოტრ ავენსს და ანდრეი კოსოგოვს უკრაინაში არსებული ყველა კორპორაციული უფლება ჩამოართვა. ამის შესახებ СБУ ავრცელებს ინფორმაციას.

რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი „ბორჯომის“ სავარაუდო თანამფლობელია. ის საქართველოში „ბილაინის“ (იგივე „ვიონი საქართველო“) თანამფლობელი იყო, რომელიც 2022 წლის ივნისში ქართულმა ჰოლდინგმა შეიძინა. გარდა ამისა, ფრიდმანის დაარსებულმა „ალფა ჯგუფმა“ 2013 წელს პატარკაციშვილების ოჯახისგან 300 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა „ბორჯომი“, რის შემდეგაც კომპანიის საკონტროლო პაკეტის, 60%-ის მფლობელი გახდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ბორჯომის“ ოფიციალური სახელწოდებაა: შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, რომლის დამფუძნებელია „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“, რეგისტრირებული ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე. აღნიშნული კომპანია ოფშორშია რეგისტრირებული, რაც ართულებს მისი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენას.

უკრაინული მედია წერს, რომ დაყადაღებულია მილიარდობით დოლარის პუტინის ოლიგარქების ქონება, დაბლოკილ აქტივებს შორის არის ფინანსური და სადაზღვევო კომპანიები, მობილური კავშირგაბმულობის და IT კომპანიები, ასევე მინერალური წყლის ქარხნები.

СБУ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება 20 კომპანიას და ფინანსურ ინსტიტუტს, რომლებსაც ოლიგარქები ფლობდნენ საბოლოო ბენეფიციარებად ან კონტროლირებადი ოფშორული კომპანიების მეშვეობით. დაკავებული კორპორაციული უფლებების ჯამური ღირებულება თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარია.

СБУ  წერს, რომ სექტემბრის დასაწყისში მათ აცნობეს ფრიდმანს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების ეჭვის შესახებ. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან მან დაახლოებით 2 მლრდ რუბლი მოახმარა რუსეთის რამდენიმე სამხედრო ქარხანას.

СБУ-ს ასევე აქვს ეჭვები რუსული კორპორაცია Ростех -ის გენერალურ დირექტორის, სერგეი ჩემეზოვის შესახებ. ის პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და მისი კომპანიები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის სამხედრო აღჭურვილობის, იარაღისა და საბრძოლო მასალის 80%-მდე აწარმოებენ.