წყლის მწარმოებელი კომპანიის „მორშინსკაიას“ კორპორაციული უფლებებისთვის ბრძოლა დასასრულს უახლოვდება. მალე ამ ბიზნესის მართვას სერგეი უსტენკოს კომპანია „კარპატების მინერალური წყლები“ დაიწყებს , რომელიც „მორშინსკაიას“ პირდაპირი კონკურენტია.

„მორშინსკაიას“ წარმოების ამჟამინდელი მფლობელი - IDS Ukraine, რომლის აქციონერთა შორისაა რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი, თვლის, რომ კონკურენტი მოქმედ ბიზნესს გაანადგურებს. IDS Ukraine-ის მენეჯმენტი საწარმოს „გადარჩენის“ მიზნით, მის ნაციონალიზაციას ითხოვს. ამავდროულად, „მორშინსკაიას“ ახალი მენეჯერი აცხადებს, რომ კონკურენტების ქარხანას რაიმე საფრთხეს არ შეუქმნის.

რა ხდება უკრაინაში წყლის უმსხვილეს მწარმოებელთან დაკავშირებით და როგორი მომავალი ელის მას - ამის შესახებ liga.net-ი წერს.

როგორ დააკავეს აქტივები

ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ (БЭБ) „მორშინსკაიას“ მინერალური წყლის მწარმოებლის, IDS Ukraine ჯგუფში შემავალი მორშინსკის მინერალური წყლის ქარხნის „ოსკარის“ (MZMO OSCAR) კორპორაციული უფლებების დაკავების შესახებ ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოაცხადა. დაკავება რუსი აქციონერების გამო მოხდა. საუბარია მიხაილ ფრიდმანის ალფა ჯგუფზე, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.

სანქცირებული აქციონერები ერთად ფლობენ IDS Borjomi International-ის აქციების 49,99%-ს, რომელშიც ასევე შედის IDS Ukraine. კონკრეტულად უკრაინულ ჯგუფში ფრიდმანი 18,23%-ს ფლობს.

„ოსკარი“ უკრაინაში მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელია. Opendatabot სერვისის მიხედვით, 2022 წლის შემოსავალმა 1,67 მილიარდი უკრაინული გრივნა შეადგინა, მოგებამ კი 5 მილიონი გრივნა.

კომპანია Pro-Consulting მინერალური წყლის ბაზარზე IDS Ukraine-ის წილს 2022 წლის პირველ ნახევარში 40%-ად აფასებს. უახლოესი კონკურენტებია ტომაშ ფიალას „აქვა-ეკო“ (სავაჭრო ნიშანი „ტრუსავეცკაია“) და სერგეი უსტენკოს „კარპატების მინერალური წყლები“ (სავაჭრო ნიშანი „კარპატების წყაროები“), შესაბამისად, იკავებენ ბაზრის 13% და 8%-ს. წყლის ორივე მწარმოებელმა გამოთქვა სურვილი გამხდარიყო მათი უმსხვილესი კონკურენტის მენეჯერი, მაგრამ საბოლოოდ ამ დუელში გამარჯვებული უსტენკო გახდა.

2022 წლის ნოემბრის ბოლოს, კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ IDS Ukraine-ის აქტივები გადასცა აქტივების მოკვლევისა და მართვის სააგენტოს (ARMA) მენეჯმენტს. უკვე 2023 წლის თებერვლის დასაწყისში, ARMA-მ  მირგოროდის მინერალური წყლების საწარმო „ოსკარისა“ და სადისტრიბუციო კომპანიის IDS-ის დაკავებული აქტივების მენეჯერის კონკურსი გამოაცხადა.  23 თებერვალს კი  განისაზღვრა კონკურსის 9 მონაწილე.

კონკურსში მონაწილეობაზე უარი ეთქვა ტომაშ ფიალას საინვესტიციო კომპანია Dragon Capital-ს. კომპანიამ განაცხადის განსაზღვრულ ვადაში შეტანა ვერ მოასწრო.

Dragon Capital-მა მოითხოვა ახალი კონკურსის ჩატარება. არგუმენტებს შორის იყო ის, რომ IDS Ukraine-ის აქტივების არასრული სია იყო წარმოდგენილი. საუბარია მირგოროდის მინერალური წყლების ქარხანაზე. ის ასევე ეკუთვნის IDS Ukraine-ს, მაგრამ ARMA-ს სიაში არ მოხვდა.

სახელმწიფომ წარუმატებელი მონაწილის მოწოდებები დააიგნორირა და უკვე 13 მარტს, ARMA-მ გამოაცხადა IDS Ukraine-ის დაკავებული აქტივების მენეჯერის შესარჩევი კონკურსის შედეგები. გამარჯვებული უსტენკოს კომპანია „კარპატების მინერალური წყლები“ ​​გახდა.

გამარჯვებულს ბიზნესის მართვა ამ დრომდე არ დაუწყია. პროცედურის მიხედვით, ჯერ უნდა შეფასდეს ჩამორთმეული აქტივები, შემდეგ კი დაიდოს მართვის ხელშეკრულება,რომელიც საბიუჯეტო შენატანების უზრუნველსაყოფად, დაკავებული აქტივების მოგებიანობის გაზრდას ითვალისწინებს.  АРМА-ში 14 აპრილს განაცხადეს, რომ IDS Ukraine-ის ჩამორთმეული აქტივების შემფასებლის საკონკურსო შერჩევა დაასრულეს და ამისთვის რომას კრიკშჩიუნასის კერძო კომპანია „გაბიანო“ შეარჩიეს.

თებერვლის დასაწყისში IDS Ukraine-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის აგრძელებდა ბიზნესის ეფექტურად მართვას და  ნაკლებად სავარაუდოა, რომ მმართველობის სხვისთვის გადაცემას დადებითი გავლენა ჰქონოდა კომპანიის საქმიანობაზე.

მარტში ბადრი პატარკაციშვილების ოჯახმა, რომელიც IDS Ukraine-ის 34,83%-იან წილს ფლობს, გენერალურ პროკურატურას კორპორაციული უფლების დაკავების კანონიერების შემოწმება მოსთხოვა. არგუმენტად მათ თავიანთი არასანქცირებულობა მოიყვანეს. მათი თქმით, დაკავებას დაექვემდებარა ზოგადად კორპორაციული უფლებები და არა მხოლოდ რუსების წილი. მაგრამ ამ არგუმენტებმა შედეგი ვერ გამოიღეს.

გასული წლის შემოდგომაზე IDS Ukraine-ის აქციონერებმა აქტივების ჩამორთმევა დედაქალაქის შევჩენკოვსკის რაიონის სასამართლოში გაასაჩივრეს, მაგრამ ყველა საჩივარი უარყოფილი იქნა. IDS უკრაინის კომპანიების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მარკო ტკაჩუკის თქმით, თუ ისინი უკრაინის სასამართლოებში ვერ დაიცავენ საკუთარ უფლებებს, ბრიტანელი და უკრაინელი აქციონერები საერთაშორისო ინსტანციებში ჩივილს გეგმავენ.

„კარპატების მინერალური წყლების“ მოტივებთან დაკავშირებით IDS Ukraine ვარაუდობს, რომ მათი მთავარი მიზანი კონკურენტის მოშორებაა. „კონტროლის მოპოვება საწარმოზე, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეჩერდეს მოგონილი მიზეზების გამო და ამგვარად საკუთარი ბრენდის განვითარება - ძალიან მიმზიდველი იდეაა“, - მიიჩნევს IDS უკრაინის კომპანიების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი მარკო ტკაჩუკი.

"კარპატების მინერალური წყლები" უკრაინის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში კომპანია გამოკვეთილად ლოკალური მოთამაშე იყო. უკრაინის მინერალური და სასმელი წყლების მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომპანიამ ტოპ-3 მწარმოებელში შესვლა მხოლოდ 2015-2016 წლებში შეძლო. ARMA-ს კონკურსში გამარჯვების შემდეგ კი კომპანიას შეეძლება ბაზრის ლიდერობისთვისაც იბრძოლოს. თებერვალში მან გამოაცხადა თავისი განზრახვა აეშენებინა წყლის წარმოების კიდევ ერთი ქარხანა ლვოვის რეგიონში (პირველი მდებარეობს სოფელ სტრუტინში).  „კარპატების მინერალური წყლების“ ახალ ქარხანაში წარმოებული წყლის გაყიდვის დაწყება 2024 წლის მაისში იგეგმება.

კითხვაზე, თუ რატომ სჭირდებოდა „კარპატების მინერალურ წყლებს“ „მორშინსკაია“, კომპანიაში პასუხობენ, რომ მთავარი მიზანი იყო რომ „უკრაინას არ დაეკარგა ღირებული აქტივი და შეენარჩუნებინა მისგან საგადასახადო შემოსავლები“.

საინტერესოა, რომ IDS Ukraine-მა იგივე არგუმენტები გამოიყენა, როდესაც ცდილობდა გასაჩივრებას ქონების ჩამორთმევის შესახებ.

როდის დაიწყება მართვა

IDS Ukraine ამტკიცებს, რომ მართვის შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, „კარპატების მინერალურმა წყლებმა“ უკვე დაიწყეს საქმიანობა ამ მიმართულებით და სავაჭრო ქსელებს უწესებენ პირობას, რომ „მორშინსკაია“ „კარპატსკა ჯერელნასთან“ კომპლექტში შეიძინონ. ბრალდებას „კარპატების მინერალური წყლების“ კომპანიაში უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ქსელებთან ექსკლუზიურად საკუთარი წარმოების პროდუქტებზე. კომბინირებული შესყიდვების შეთავაზებებს არ ადასტურებენ არც სავაჭრო ქსელები.

როგორც LIGA.net-ის თანამოსაუბრე საინვესტიციო კომპანიიდან აცხადებს, IDS Ukraine-ს პრეტენზიები როგორც ARMA შემფასებლების, ისე „კარპატების მინერალურ წყლების“ მიმართ შესაძლოა მალე გაქრეს, თუ სახელმწიფო იპოვის გზას სანქცირებული აქციონერების წილების ნაციონალიზაციისთვის.

ეს არის ზუსტად ის, რასაც IDS უკრაინა 3 მაისს აცხადებდა - რომ სანქცირებული აქციონერების წილის შემდგომი ნაციონალიზაციით ყველაზე დიდ სარგებელს სახელმწიფო მიიღებს, რაც უნდა მოხდეს ამ პროცესის საკანონმდებლო ნორმების შემუშავებისთანავე.

იმავე დღეს ARMA-მ დაადასტურა, რომ IDS Ukraine-ის ჩამორთმეული აქტივები სახელმწიფოს საკუთრება გახდება. თუმცა კორპორაციული უფლებების გადაცემის ორი გზა არსებობს. პირველი არის კონფისკაცია სისხლის სამართლის პროცესში, რომლის დროსაც ARMA მართავს აქტივს დაკავების ეტაპზე. აქტივის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის მეორე გზაა - სანქციების მექანიზმის ფარგლებში მისი ამოღება სახელმწიფოს სასარგებლოდ, მაგრამ LIGA.net-ი წერს ნაციონალიზაცია დაკავების ფარგლებში შეუძლებელია.


ამავე თემაზე იხილეთ  სტატიები კომერსანტის არქივიდან

უკრაინამ IDS Borjomi International-ის ყადაღადადებული აქტივების მმართველი შეარჩია - რა განცხადება გააკეთეს პატარკაციშვილებმა