პრესბიონდ ლაზიკი საკმაოდ ეფექტური და წარმატებული ლაზერული ჩარევაა და ვფიქრობ კიდევ ბევრი პაციენტი მოიხსნის საკითხავ სათვალეს ინვაზიური ქირურგიის გარეშე, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუჰოსპიტალსის“ ოფთალმოქირურგმა მარიამ გოლოვაჩოვამ განაცხადა.

მისი თქმით, პრესბიოპია არის ასაკობრივი მდგომარეობა, როდესაც ხდება ბროლის ელასტიურობის დაქვეითება, ცინის იოგების კუნთების ტონუსის შემცირება, რაც შედეგად იწვევს გაძნელებულ ფოკუსირებას ახლოსმდებარე საგნებზე.

„კომერსანტი“ მარიამ გოლოვაჩოვას პრესბიოპიაზე, მის სიმპტომებზე, პრესბიონდ ლაზერზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.

 

  • რა არის პრესბიოპია?
  • პრესბიოპია არის თვალის აკომოდაციის უნარის თანდათანობითი ასაკობრივი დაქვეითება და ფოკუსირების შეზღუდვა ახლოსმდებარე საგნებზე. აკომოდაცია არის თვალის უნარი მკაფიოდ დაინახოს საგნები სხვადასხვა დისტანციაზე. მასში მონაწილეობს თვალის ბუნებრივი ბროლი, რომელიც იცვლის ფორმას და სიმრუდეს, რათა გამოსახულება მკაფიოდ ფოკუსირდეს ბადურაზე.

პრესბიოპია არის ასაკობრივი მდგომარეობა, როდესაც ხდება ბროლის ელასტიურობის დაქვეითება (გამკვრივება), ცინის იოგების კუნთების ტონუსის შემცირება, რაც შედეგად იწვევს გაძნელებულ ფოკუსირებას ახლოსმდებარე საგნებზე.

ის ძირითადად იწყება 40-45 წლის ასაკში. პროცესი ასაკის მატების ბუნებრივი მოვლენაა. პრესბიოპია არის ასაკობრივი რეფრაქციული დარღვევა, ასაკობრივი ბუნებრივი პროცესი და არა პათოლოგია ან დაავადება.

  • რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს პრესბიოპიას?
  • პრესბიოპიის ძირითადი სიმპტომებია: საკითხავი მასალის გაწევა გაშლილი ხელის სიგრძეზე, მხედველობის დაბინდვა ახლო მანძილზე კითხვისას 33 სმ, თვალის დაღლა ახლო მანძილზე ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას (ნემსის ყუნწში ძაფის გაყრა, კითხვა და ა.შ.); განათების ინტენსივობის მომატება ჩვეულზე მეტად, გაორება ახლო მანძილზე კითხვისას, თავის ტკივილი.

  • როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
  • ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას, რეკომენდირებულია საკითხავი სათვალის შესარჩევად მივმართოთ ექიმს, რათა განისაზღვროს საკითხავი სათვალის ნომერი.

  • რა არისპრესბიონდ ლაზერი?
  • პრესბიონდი არის კარლ ცაისის მიერ შექმნილი ლაზერის პროცედურა, რომელიც იყენებს ასფერულ აბლაციას და წარმოქმნის უწყვეტ რეფრაქციული ძალის გრადიენტს მთლიანი რქოვანის ოპტიკურ ზონაზე.

პრესბიონდი არის ლაზიკის პროცედურა, რომელიც აერთიანებს მიკროანიზომეტროპიას და ფოკუსის გაფართოებულ სიღრმეს რქოვანას არაწრფივი ასფერული აბლაციის პროფილის გამოყენებით.

მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა დაპროგრამებისას, გაზრდილი ფოკუსირების სიღრმე, რაც უზრუნველყოფს მკაფიო მხედველობას ყველა მანძილზე.

პრესბიონდი არის იდეალური ველის ფოკუსირების სიღრმის შერწყმისთვის თითოეული თვალისთვის ინდივიდუალურად და წარმოქმნის უნიკალურ შუალედურ გადაფარვის ზონას - შერევის ზონას (the blend zone), რომელიც ეხმარება ტვინს მოახდინოს ორი საგნის ფუზია ანუ შერწყმა მარტივად. შესაბამისად ნეიროადაპტაცია ანუ ტვინის მიერ ახალი მხედველობის შესაძლებლობების მარტივად აღქმა და შეგუება მოკლე დროშია შესაძლებელი.

  • რა უპირატესობები გააჩნია პრესბიონდ ლაზერს?
  • პრესბიოპიის მკურნალობის არცერთი მეთოდი არ მოგვცემს ახალგაზრდა თვალის აკომოდაციის უნარს, თუმცა პრესბიონდით ვიღებთ ბუნებრივ ბინიკულარულ მხედველობას.

პრესბიონდი არ არის მონოვიჟენი (როდესაც შუალედურ მანძილზე მხედველობა ბუნდოვანია), ის არის მოდიფიცირებული ბინოკულარული მხედველობა, რომლის უპირატესობებიც არის:

  • ნაკლები რისკ-ფაქტორები, რადგან არის ნატიფი ლაზიკის პროცედურა და არანაირი ინვაზიური ქირურგია, როგორიცაა რეფრაქციული ფაკოემულსიფიკაცია და ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია;
  • შენარჩუნებულია კონტრასტული მხედველობა;
  • ნაკლები პოსტოპერაციული გართულებები ინვაზიური ქირურგიისგან განსხვავებით;
  • ეფექტურობის პროცენტი მაღალია 97%;
  • შექცევადი და მორგებადია, შესაძლოა ეფექტის გაძლიერებით ან შესუსტებით რეფრაქციის და ბინოკულარული მხედველობის მართვა;
  • ტვინი ადვილად აღიქვამს და ადაპტირდება სხვადასხვა მანძილზე მხედველობას - ნეიროადაპტაცია.

  • როგორც ჩვენთვის არის ცნობილი პირველად საქართველოში მხოლოდ ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოოგიის ეროვნულ ცენტრშია შესაძლებელი პრესბიოპიის მკურნალობაპრესბიონდ ლაზერის მეშვეობით, ამის შესახებ რომ გვესაუბროთ.
  • 2011 წელს ამიერკავკასიაში ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი (ნიუ ჰოსპიტალსი) იყო პირველი კლინიკა, რომელიც აღიჭურვა კარლ ცაისის ფირმის ფემტოექსიმერლაზერის აპარატურით და სწორედ პირველად საქართველოში ჩვენს კლინიკაში ჩატარდა ფემტოლაზერკორექცია ანუ „ოლ ლეიზერ ინ“ პროცედურა.

კარლ ცაისის ექსკლუზიური მოდულია პრესბიონდი, რომელიც შეიქმნა 40 წელს გადაცილებული პაციენტების ლაზერული კორექციისთვის და უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით დაინერგა და ტარდება ჩვენს კლინიკაში. პრესბიონდ ლაზიკი საკმაოდ ეფექტური და წარმატებული ლაზერული ჩარევაა და ვფიქრობ კიდევ ბევრი პაციენტი მოიხსნის საკითხავ სათვალეს ინვაზიური ქირურგიის გარეშე.